ფეხბურთის ფედერაცია სამართალდამცავებს მიმართავს, საჭიროების შემთხვევაში, სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვის საკითხით დაინტერესდნენ.

როგორც რევაზ არველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ფეხბურთის ფედერაცია არ გამორიცხავს, რომ გარეშე პირები ცდილობდნენ, ხელოვნურად შექმნან პრობლემები. "მთელი საქართველოს პრესტიჟია, რომ თამაში მაღალ დონეზე ჩატარდეს. ფედერაცია სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, აუცილებლობის შემთხვევაში, გაარკვიონ საკითხი. თუ ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხი არ არის, მაშინ სამართალდამცავები უნდა დაგვეხმარონ. არის თუ არა საბოტაჟის ნიშნები, უნდა გაირკვეს", - განაცხდა არველაძემ.

მისივე თქმით, ბილეთები იყიდება, თუმცა არა იმ სისწრაფით, როგორც ეს მოსალოდნელი იყო.

არველაძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, გაყიდულია 1220 ბილეთი. ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი ვერ ადასტურებს ინფორმაციას, დაიწყება თუ არა ხვალიდან ბილეთების გაყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. არველაძის თქმით, ეს საკითხი სავარაუდოდ, დღის ბოლოს გაირკვევა.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.