აფხაზეთის ბანკები რუსული ბანკების ფილიალების გახსნის წინააღმდეგ გამოდიან. მათ ამის შესახებ დე ფაქტო პარლამენტს, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ცენტრალურ ბანკსა და მინისტრთა კაბინეტს წერილები დაუგზავნეს.
ინფორმაციას “აფსნიპრესი” ავრცელებს.
აფხაზეთის საბანკო სექტორი გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას დე ფაქტო მთავრობის მიერ შეთანხმების დამტკიცების გამო „რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ.“
ბანკების განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია მე-9 მუხლის მე-2 პუნქტმა, რომლის მიხედვითაც, „იურიდიული პირის მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული გადახდების უზრუნველსაყოფად რუსეთის საკრედიტო ორგანიზაციას სახელმწიფო მონაწილეობით, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით, შეუძლია, შექმნას ფილიალი აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.”
აფხაზი ბანკირების განმარტებით, რუსული ბანკების ფილიალების შექმნას დამატებითი კონკურენცია მოჰყვება და აფხაზური ბანკები დაზარალდებიან. ისინი, ასევე, აპროტესტებენ იმას, რომ აფხაზური ე.წ. კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერ რუსულ კომერციულ ბანკს შეუძლია, აფხაზეთში თავისი შვილობილი კომპანია გახსნას, რასაც დამატებითი შეთანხმება არც სჭირდება.
მეტიც, საბანკო სისტემაში არსებობს კანონი კვოტებისა და უცხოური კაპიტალის წილის შესახებ, ანუ აფხაზეთში შვილობილი ბანკის გასახსნელად 450 მლნ რუბლის (4,7 მლნ დოლარის) კაპიტალი არის საჭირო. არსებული კვოტით, თუ რომელიმე რუსულმა ბანკმა მოულოდნელად გამოთქვა სურვილი აფხაზეთში შვილობილი კომპანიის გახსნის შესახებ, ამ კვოტას უპრობლემოდ მოირგებს და ფილიალს თავისუფლად გახსნის. ბანკირების განმარტებით, ეს სურათი აფხაზეთის კომერციული ბანკებისთვის ბევრად უფრო საშიშია.
ამდენად, აფხაზ ბანკირებს ეშინიათ რუსეთის ფილიალებთან კონკურენციის, ასევე, იმის, რომ დროთა განმავლობაში დროებითი ფილიალების ფუნქციონირების წესები შესაძლოა, შეიცვალოს და მათი ფუნქციები მნიშვნელოვნად გაფართოვდეს. მითუმეტეს, აფხაზეთის ბანკები რუსულ ბანკებს ჩამორჩებიან არა მხოლოდ საწესდებო კაპიტალის მოცულობით, აქტივებითა და საკრედიტო პორტფელით, არამედ ტექნიკური მხარდაჭერითაც.
კერძო Garant Bank-ის გამგეობის თავმჯდომარე, ემა ხარჩილავა აცხადებს, რომ აფხაზური ბანკები რუსულ და, თანაც, სახელმწიფო მონაწილე ბანკებთან კონკურენტუნარიანი არ არიან.
“ჩვენ ვშიშობთ, რომ თავდაპირველად ეს იქნება შეზღუდული ოპერაციების დიაპაზონი, შემდეგ კი შესაძლოა, გაფართოვდეს და აფხაზური ბანკები სექტორში, უბრალოდ, აღარ დარჩეს. ჩვენ არ გვესმის აფხაზეთში რუსული ბანკების ფილიალების შექმნის მიზანშეწონილობა, რომლებიც აფხაზეთის ცენტრალური ბანკის თუნდაც დროებითი ნებართვის საფუძველზე იმუშავებენ, “ - აცხადებს ხარჩილავა.
მეორე კომერციულ ბანკ Amra-Bank-ის გამგეობის თავმჯდომარის, ნესტორ დამენიას შეფასებით, ხელისუფლება ადგილობრივი ბიზნესის ინტერესებს უნდა იცავდეს და ამ ბიზნესთან სერიოზული კონკურენციისთვის მსხვილი მოთამაშეების შემოყვანა არ უნდა აწყობდეს.
“ეს სილის გაწვნაა,” - ამბობს დამენია.
„ავრორა ბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი აბუხბა აცხადებს, რომ „აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული სახელმწიფო მონაწილე ბანკის ფილიალი არის პოტენციური ფინანსური მონსტრი.” მას არ ესმის, თუ რატომ არ შეიძლება, საინვესტიციო გამოთვლები აფხაზეთის დე ფაქტო ეროვნული ბანკის მეშვეობით შესრულდეს, რომელიც, ფაქტობრივად, რუსული ბანკის შვილობილია.
მოსალოდნელ რისკებზე კიდევ ერთი კერძო ბანკის, Kibit-Bank-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, ინალ ხაშბა საუბრობს. მისი არგუმენტით, შესაძლოა, დღეს რუსული ფილიალი შეზღუდული ფუნქციებით გაიხსნას და საინვესტიციო პროექტი 5-10 წელი ან უფრო მეტხანს გაგრძელდეს, მაგრამ ერთ საინვესტიციო პროექტს შესაძლოა, მეორე მოჰყვეს და კერძო ბანკებს არ აქვთ გარანტია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ფილიალის არსებობის პირობები მოგვიანებით არ შეიცვლება.
“ჩვენ ვღელავთ და არ გვსურს, რომ რუსული ბანკი აქ 60%-იანი განაკვეთით შემოდიოდეს. თუ რუსული ბანკები შემოვლენ, კონკურენციას ვერც ერთი აფხაზური ბანკი ვერ გაუძლებს,“ - აცხადებს ხაშბა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ