„ადგილობრივი ინვესტორებიც თავის შეკავების რეჟიმში გადავიდნენ, უცხოელი პარტნიორები, არათუ ახალი ინვესტიციების, მიმდინარე პროექტების განვითარებაზეც თავს იკავებენ“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, „აი სი არ ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კახა ხაზარაძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და საარჩევნო პერიოდის გათვალისწინებით, ბიზნესი ვერ ვითარდება, ინვესტორები კი მოლოდინის რეჟიმში არიან.
როგორც კახა ხაზარაძე ამბობს, ამ ეტაპზე რომელიმე ბრენდი ბაზრიდან არ გასულა, თუმცა არც ახალი შემოსულა. მისი თქმით, ეს საკმაოდ გრძელვადიანი პროცესია და ინვესტორები გადაწყვეტილებებს წლის ბოლოს მიიღებენ, რაც საბოლოოდ 2025 წლის ეკონომიკაზე აისახება.
„3 კვარტლის მდგომარეობას თუ გადავხედავთ, შარშანდელ მაჩვენებლებს იმეორებს. მოლოდინი პოზიტიური ნაკლებად არის, იმიტომ, რომ ინვესტიციები არ ხორციელდება, ბიზნესი არ ვითარდება, მოლოდინის რეჟიმშია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორი. ინვესტიციის არშემოდინება კი სავალუტო რეზერვების შემცირებას გამოიწვევს, რაც პრინციპში, უკვე შევატყვეთ, კურსზე ისახება და ზემოთ მიდის.
ალბათ, არჩევნები იქნება სერიოზული წითელი ხაზი, რომელიც ბიზნესისთვის საბოლოო ვერდიქტს გამოიტანს.
ზოგადად, საღად მოაზროვნე საზოგადოება, როგორც შიგნით, ისე გარეთ, სწორ შეფასებას აკეთებს. მთელი მსოფლიო დგას ეკონომიკაზე, თავის მხრივ, ეკონომიკა დგას რაღაც ღირებულებებზე, მისი საფუძველია დემოკრატია, დამოუკიდებელი სასამართლო და ინსტიტუტები. „რუსული კანონი“ იყო ის ერთ-ერთი, რამაც ამ ფუნდამენტური ღირებულებების ნგრევა გამოიწვია, რაც ავტომატურად იწვევს კითხვის ნიშნის დასმას, შესაბამისად, როგორც გარე, ისე შიდა ინვესტიციებს აჩერებს.
ვნახეთ, რომ დონერებმა, რომლებიც ქვეყანას აფინანსებდნენ, ძალიან ბევრი პროექტი გააჩერეს. ეს იყო არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სოციალური პროექტებიც. ადგილობრივი ინვესტორებიც თავის შეკავების რეჟიმში გადავიდნენ, უცხოელი პარტნიორები, არათუ ახალი ინვესტიციების, მიმდინარე პროექტების განვითარებაზეც თავს იკავებენ, ყველა არის დაკვირვების რეჟიმში.
იმედია, ეს პროცესი მალე დასრულდება და არა მხოლოდ ბიზნესი, არამედ ქვეყანა გადაწყვეტს, საით უნდა წავიდეს. ცივილიზაცია ყოველთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ეს ქართველი ხალხის ხელშია და მე მჯერა, რომ სწორ არჩევანს გააკეთებენ. ჩვენი არსებობის პერიოდში ყველაზე დიდი დამფინანსებელი ევროპა და ამერიკა იყო, ჩვენც ვიჩქაროდით ევროპულ ოჯახში და დღევანდელ სიტუაციაში, ეს ყველაფერი გაჩერებულია. იმედია, ამ გაჩერებულ მატარებელს ან დავძრავთ, ან რელსებიდან გადავალთ. ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტია.
რაც შეეხება ბრენდებს, ასეთი რაღაცები მოკლე პერიოდში არ ხდება. ნებისმიერი ბრენდის შემოყვანას და მის დამკვიდრებას წლები სჭირდება. მოკლე, 6-თვიან პერიოდში არავინ იღებს გადაწყვეტილებას, რომ კონკრეტული ბაზარი დატოვოს. შესაბამისად, ეს არის ძალიან მოკლე პერიოდი იმისთვის, რომ ჩვენ რაღაც შედეგები მოვიმკოთ. მათი მხრიდან გადაწყვეტილებების მიღება ალბათ, უფრო მოხდება არჩევნების შემდეგ, წლის ბოლოსკენ, რაც აისახება 2025 წლის ეკონომიკაზე“,- განაცხადა კახა ხაზარაძემ.