ვის აქვს მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის ვალდებულება - პროცესი 14 ნოემბრიდან დაიწყება

„აღწერაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველოს ნებისმიერი ასაკის, ყველა მოქალაქეს აქვს,“ – როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა, გამონაკლისი არიან დიპლომატიური მისიით მყოფი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები.

„აღწერაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველოს ნებისმიერი ასაკის, ყველა მოქალაქეს აქვს, ასევე დროებით მაცხოვრებლებს, ასევე აღწერის პერიოდში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ასევე მოქალაქეების არმქონე პირებს, გამონაკლისი არიან დიპლომატიური მისიით მყოფი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები,“ - განაცხადა მან.

გოგიტა თოდრაძემ იმ შემთხვევაზეც ისაუბრა, როდესაც ადამიანებს პირადი ინფორმაციის გაჟღერება არ სურთ.

„მოქალაქეს პირადი ინფორმაციის გაჟღერების შესახებ სურვილი შესაძლოა, არ გააჩნდეს, თუმცა კონფიდენციალურობა დაცულია ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონით და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით. ასე რომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ადამიანს რაიმე სახის ინფორმაციის გაცემა არ უნდოდეს ან ეშინოდეს,“ - აღნიშნა თოდრაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მაღალმთიან რეგიონებში კი, კონკრეტულად - მესტიაში, ლენტეხში, დუშეთში, ყაზბეგსა და ახმეტის რამდენიმე სოფელში, ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, „საქსტატმა“ აღწერის ჩატარება სექტემბერში დაიწყო.

ეკა დარჩიაშვილი