ავტომობილის მინების დამუქებაზე მოთხოვნა შემცირდა. ამის შესახებ bpn.ge-ს ავტომომსახურების სხვადასხვა კომპანიაში განუცხადეს. თუმცა, ამ დროისთვის, სერვისის ფასი კვლავ მაღალია. კერძოდ, როგორც ავტო ცენტრები განმარტავენ, საფასური 300 ლარიდან იწყება, რასაც მასალის თვითღირებულება განაპირობებს.
კომპანიებში ამბობენ, რომ მიმდინარე წლის 3 ივლისის შემდეგ, რაც ავტომობილების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ, ერთი თვის განმავლობაში სერვისზე მოთხოვნა 200-500%-მდე იყო გაზრდილი. ამ დროისთვის კი მიმართვიანობა შემცირებულია.
„კანონმდებლობით თავიდან გათვალისწინებული იყო 40%-მდე დაბურვა. იმ დროს, მეტი პროცენტულობა რომ არ გამოდიოდა, ცდილობდნენ სალონები გაემუქებინათ, სავარძლები, ჭერი... შემდეგ რეგულაცია შეიცვალა და 60%-მდე გაიზარდა დამუქების შესაძლებლობა, რამაც მოთხოვნა ეგრევე გაზარდა. დღეში 200-300 მომხმარებელი გვყავდა, ეს იყო დაახლოებით, 200%-იანი ზრდა მოთხოვნაზე.
რაც შეეხება ფასს, იმიტომ გაიზარდა, რომ რეალურად, იმ პროცენტულობის მასალა, რაც ახლა დასაშვებია, აქ არცერთ ავტოსერვისს არ ჰქონდა. უბრალოდ, არაფერში სჭირდებოდათ 60%-იანი ფირი, მაინც ვერავინ გააკრავდა. შესაბამისად, ეს ფირები უნდა გვეყიდა და რადგან მოთხოვნა გაიზარდა, თვითონ მწარმოებლებმაც გააძვირეს პროდუქცია. მიუხედავად იმისა, რომ ხელობის ფასი იგივე დარჩა, გაძვირდა მასალა და ტრანსპორტირება, ამიტომ გაიზარდა ამ სერვისის ღირებულებაც.
ახლა უკვე ფასიც მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა. ჩვენ შემთხვევაში, 140 ლარად ვაკეთებთ წინა გვერდითა მინებს, იგივე თანხაა უკანა გვერდითა მინების დამუქებაზე, დამატებითი მინების ფასი 60 ლარია (წყვილზე) და უკანა საქარე მინას ვბურავთ 160 ლარად. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ეს ფასი, წინანდელთან შედარებით 20-30 ლარით არის გაზრდილი.
სხვადასხვა კომპანია განსხვავებულ ფასად ბურავს, იმიტომ, რომ სხვადასხვა მწარმოებელთან აქვს ურთიერთობა, ზოგს თვითონვე ჩამოაქვს. ამასთან, თუ მწარმოებელი კომპანია არის ამერიკული, რა თქმა უნდა, უფრო ძვირი იქნება, რადგან თვითონ გაძლევს მაგ ფასად, მაგრამ თუ არის, მაგალითად, ჩინური, ის შედარებით იაფია,“ - განუცხადეს bpn.ge-ს best auto-ში.
New auto-ში ამბობენ, რომ მოთხოვნის შემცირება სეზონს უკავშირდება, რადგან მინებს ძირითადად, მზისგან დაცვის მიზნით ბურავენ.
„როცა კანონმდებლობა შეიცვალა, დაახლოებით, ერთი თვე, მოთხოვნა იყო ძალიან მაღალი. ახლა საგრძნობლად დაიკლო. ფასი დამოკიდებულია ავტომობილის ტიპზე, წლოვანებაზე და ა.შ. ყველა დეტალი გასათვალისწინებელია. ამ დროისთვის, ღირებულება იწყება 300 ლარიდან.
მე ვფიქრობ, მოთხოვნის კლება სეზონთანაც არის დაკავშირებული, ზამთარში დიდად არ სჭირდებათ მინების დაბურვა, ამას ხომ ძირითადად მზის სხივების შესაკავებლად აკეთებენ,“- ამბობენ new auto-ში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წლევანდელი, 2 ივლისის ბრძანებით, 3 ივლისიდან წინა გვერდითა მინების დამუქების პროცენტულობა შეიცვალა. კერძოდ, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 40%-ის ნაცვლად, 60%-მდე დაამუქონ. ახალი წესის თანახმად, წინა გვერდითა მინების დამუქება დასაშვებია 60%-ით, უკანა გვერდითა მინების - 75%-ით, ხოლო წინა საქარე მინის - 30%-ით.
იმისთვის, რომ ავტომობილის წინა გვერდითა მინებზე შუქგამტარობა 60%-ზე, ხოლო უკანა გვერდითა მინებზე 75%-ზე მეტით იყოს შემცირებული, მესაკუთრეს შს სამინისტროსგან სპეციალური თანხმობა ესაჭიროება. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომობილის მძღოლი/მფლობელი დაჯარიმდება.
რაც შეეხება ჯარიმის მოცულობას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება არაუმეტეს 10%-ით აღემატება ნორმებს, გამოიწვევს 100 ლარით, ხოლო იმ ავტომობილის მართვა, რომლის მინების შუქგამტარობის შემცირება 10%-ზე მეტით აღემატება ნორმებს - 500 ლარით დაჯარიმებას.