„დაიწყება უძრავი ქონების ბაზრის ჩამოშლა, ქვეყანა უფრო გაღარიბდება, დროში გაიწელება ყველა საბანკო ოპერაცია“ - გიორგი ქადაგიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე პარტია ,, ქართული ოცნების'' ხელისუფლებაში დარჩენის და საქართველოს დასავლური საზოგადოებისგან იზოლაციის შემთხვევაში მოსალოდნელ უარყოფით ეკონომიკურ შედეგებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ,,ფეისბუკზე'' წერს.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა ველოდოთ ისეთ პროცესებს, როგორიც არის ეროვნული ვალუტის მყისიერი გაუფასურება და ინფლაცია, ემიგრაციის კიდევ უფრო ზრდა, დასავლეთის მიერ დაფინანსებული მრავალი პროექტის შეჩერება, უძრავი ქონების ბაზრის ჩამოშლა და სხვა მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური მოვლენები.

,,ბიზნესპრესნიუსი'' გიორგი ქადაგიძის პოსტს უცვლელად, სრულად გთავაზობთ:

,,მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი, თუ რა გველის ქართული ოცნების ხელისუფლებაში დარჩენის და შემდგომი იზოლაციის შემთხვევაში:

- ლარის მყისიერი გაუფასურება (მხოლოდ პირველი ეფექტი), კიდევ უფრო გაზრდილი ფასები და ინფლაცია

- კიდევ უფრო გაზრდილი ემიგრაციის ტალღა, მინიმუმ დამატებით 100 ათასი ჩვენი მოქალაქე დატოვებს ქვეყანას

- ასობით და ათასობით ევროკავშირის და აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტი დაიხურება, რაც გამოიწვევს დამატებით უმუშევრობას და ბიზნეს აქტივობის შემცირებას

- დაფიქსირდება უარყოფითი საინვესტიციო ბალანსი, რადგან დასავლური ინვესტორები დაიწყებენ გასვლას ქვეყნიდან, რაც დამატებით გამოიწვევს უმუშევრობის ზრდას და ლარის გაუფასურებას

- არარეზიდენტების დეპოზიტები დაიწყებს გასვლას ქვეყნიდან, რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთების გაძვირებას და მყისიერ ლიკვიდობის შოკს

- შეჩერდება და დროში გაიწელება ყველა სავჭრო და საბანკო ოპერაცია, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის, რაც ეკონომიკურ აქტივობას დამატებით შეამცირებს

- რუსი მიგრანტების ეფექტის ამოწურვასთან ერთად ჩამოშლას დაიწყებს უძრავი ქონების ბაზარი, რაც გამოიწვევს დეველოპერების, მშენებლების და სხვა მათთან დაკავშირებული სექტორების ღრმა კრიზისს

- ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება, გაძვირდება და კეთროვანი გახდება ყველასთვის გარდა კორუპირებული ჩინოვნიკებისა და დარჩენილი რუსულ-კადიროვული სტილის ბიზნესისა

ეს არის მხოლოდ ეკონომიკური ეფექტი, რომ არაფერი ვთქვათ რუსეთის პირისპირ დარჩენაზე, უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე და ქვეყნის ბელორუსიზაციის საბოლოო ფაზაზე.

ოლიგარქული რეჟიმის საოცნებო მოდელი არის ჩოხატაური, სადაც 17 ათასი მოსახლიდან 11 ათასი (65%) იღებს სოციალურ შემწეობას, სამაგიეროდ ოცნება იმარჯვებს დამაჯერებლად ყველა არჩევნებზე.

სიღარიბე - ოლიგარქის მთავარი მოკავშირეა!!!

18 დღე გამარჯვებამდე",- წერს გიორგი ქადაგიძე.

ნათია ზარიძე