ამაზრზენია საქართველოს მიმართ რეზოლუციაში წაყენებული მოთხოვნა, დავუწესოთ რუსეთს ორმხრივი სანქციები. სკანდალურია, რომ ეს რეზოლუცია ევროკავშირის პირველი ოფიციალური საჯარო დოკუმენტია, რომელშიც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნა ღიად არის დაფიქსირებული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „კარგია, რომ, როგორც იქნა, გაცხადდა ის, რაზეც აქამდე მსგავსი მოთხოვნის ავტორები საჯაროდ საუბარს გაურბოდნენ, ზოგიერთი კი საჯაროდ უარყოფდა კიდეც“.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ის, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი“.
„ამ რეზოლუციამ ნათელი გახადა საქართველოს მოსახლეობისთვის, თუ რა წნეხის ქვეშ იყო მთელი ეს პერიოდი საქართველოს ხელისუფლება. სწორედ ეს, და ზოგიერთი სხვა ნაბიჯიც, იყო ის, რასაც ბოლო ორწელიწად ნახევრის განმავლობაში ზოგიერთი აქტორი დახურულ კარს მიღმა ჩვენგან დაჟინებით ითხოვდა. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ყველამ, მათ შორის ამ რეზოლუციის ავტორებმა, კარგად იციან, რომ საქართველოს მიერ ორმხრივი სანქციების დაწესება რუსეთს ვერაფრით დააზარალებს. პირიქით, ჩვენი ხელისუფლება რომ დაჰყოლოდა ამ და სხვა მსგავს მოთხოვნებს, არა რუსეთს, არამედ ჩვენს ქვეყანას და ხალხს გარანტირებულად ეკონომიკურ კოლაფსში ჩავაგდებდით და დიდი ალბათობით, სამხედრო დაპირისპირების რისკის წინაშე დავაყენებდით. ის, რომ ევროკავშირის და ნატოს უსაფრთხოების ქოლგით დაცული ქვეყნების წარმომადგენლები, ამ რეზოლუციით, საქართველოსგან, რომელსაც არც ევროკავშირის და არც ნატოს ქოლგა არ იცავს, რუსეთთან ურთიერთობების უკიდურეს გამწვავებას ითხოვენ, კარგად აჩვენებს, თუ, რეალურად, რამდენად აწუხებთ მათ იმ ქართველი ხალხის ბედი, რომელსაც ასე ხშირად ახსენებენ რეზოლუციაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.