„მოთხოვნები არც ისე ბევრი გვაქვს,“ - რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოსახლეობის აღწერისთვის ინტერვიუერთა შერჩევის ეტაპებზე ისაუბრა. მისი თქმით, აღწერაზე ჯამში, 12 ათასი ადამიანი იმუშავებს.
„საერთო ჯამში 12 ათასამდე ადამიანი იმუშავებს, აქედან 3 ათასი იქნება თბილისში. ამ ეტაპზე თბილისში ინტერვიუერთა შერჩევის პროცესი მიმდინარეობს და საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს: 2-კვირიანი სამუშაო გრაფიკი იქნება, მოთხოვნები არც ისე ბევრი გვაქვს: აუცილებელია საშუალო განათლება, პლანშეტთან მუშაობის გამოცდილება და კომუნიკაციის უნარი. დარიცხული ხელფასი 2 კვირის განმავლობაში შეადგენს 900 ლარს. შერჩეულ კანდიდატებს მუშაობის დაწყებამდე ჩავუტარებთ ტრენინგს, რათა მან სრულფასოვნად შეძლოს გამოკითხვის ჩატარება,“ - განაცხადა მან.
გოგიტა თოდრაძის თქმით, დამუშავებული მონაცემები დეკემბრის ბოლოს დასრულდება.
„6 თვეში, ანუ 2025 წლის ივნისში მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება საყოველთაო აღწერის პირველადი მონაცემები, ხოლო მომავალი წლის ბოლომდე ყველა წვრილმანი დეტალის შესახებ იქნება ცნობილი,“ - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობის აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. მაღალმთიან რეგიონებში კი, კონკრეტულად - მესტიაში, ლენტეხში, დუშეთში, ყაზბეგსა და ახმეტის რამდენიმე სოფელში, ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, „საქსტატმა“ აღწერის ჩატარება სექტემბერში დაიწყო.
იხილეთ ასევე: ვის აქვს მოსახლეობის საყოველთაო აღწერაში მონაწილეობის ვალდებულება - პროცესი 14 ნოემბრიდან დაიწყება