ბერლინის საქალაქო მატარებლის შევსება-არშევსებას მგზავრები წინასწარ შეიტყობენ

ბერლინის საქალაქთაშორისო ელექტრომატარებლის მგზავრები მატარებლის მოსვლამდე შეძლებენ იმის დანახვას, თუ რამდენად სავსეა ვაგონები.

ამის შესახებ გერმანიის რკინიგზის ოპერატორ კომპანია Deutsche Bahn-ში განაცხადეს, რასაც Berlin.de ავრცელებს.

კერძოდ, ახალი სისტემა, Lightgate ქალაქის მატარებლის ვაგონების დატვირთვას რეალურ დროში ზომავს, რასაც პლატფორმის საინფორმაციო მონიტორებზე აჩვენებს. ვაგონებში მგზავრების რაოდენობას სენსორები 90%-იანი სიზუსტით ითვლიან. ბევრი ადგილის მაჩვენებელი მწვანე ფერია, ყვითელი საშუალო ტევადობას ნიშნავს, ხოლო წითელი ფერი ვაგონში ცოტა სივრცის მანიშნებელია.

საპილოტე პროექტი ექვს სადგურზე, Alexanderplatz-ზე, Hackescher Markt-ზე, Friedrichstraße-ზე, Hermannstraße-ზე, Bellevue-სა და Hauptbahnhof-ზე დაიწყო.

Lightgate-ის პროექტი რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება და, დაახლოებით, 900 ათასი ევრო დაჯდება. პროგრამას Deutsche Bahn და ბერლინის, ასევე, ბრანდენბურგის ფედერალური მიწები აფინანსებენ.

ცნობისთვის: 4 ოქტომბერს Deutsche Bahn-მა კომპანიის ყველა მატარებლის ბილეთზე ფასების ზრდა დააანონსა. კერძოდ, დეკემბრიდან გერმანიაში მატარებლის ბილეთის ფასი 6%-ზე მეტად გაიზრდება. ამასთან, სექტემბერში გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ გადაწყვიტა, ერთიან სამგზავრო აბონემენტ Deutschlandticket-ის ფასი 20%-ით გაზარდოს, რომელიც ამჟამად „49-ევროიანი ბილეთის“ (49 Euro Ticke-ის) სახელით არის ცნობილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ