„წელს, 70 ათას ლარამდე ჯარიმა გვაქვს დარიცხული სხვადასხვა მოვაჭრისთვის - საჩივრების 68% ეხება ონლაინ ვაჭრობას“

მიმდინარე წელს, 70 ათას ლარამდე ჯარიმა გვაქვს დარიცხული სხვადასხვა მოვაჭრისთვის - დამრღვევები ძირითადად მცირე და საშუალო კომპანიები, ან ფიზიკური პირები არიან,- ამის შესახებ „კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს“ თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დარღვევის შემთხვევაში მინიმალური თანხა 600 ლარს შეადგენს. მაქსიმუმი კი ბრუნვიდან გამომდინარე 2%-მდე მაჩვენებლით იწყება.

„2024 წელს, სააგენტოში, მომხმარებლების მხრიდან მომართვიანობა 50%-ზე მეტით არის გაზრდილი. ზრდა უკავშირდება იმას, რომ მომხმარებლებმა მეტი იციან საკუთარი უფლებების შესახებ. არაერთი „ქეისი“ გვაქვს, რომელიც წარმატებით დასრულდა.

2024 წელს, განვიხილეთ დაახლოებით, 700-მდე განაცხადი, რომლითაც მომხმარებლებმა მოგვმართეს. მომხმარებლებში დომინირებენ ქალები, დაახლოებით, 70% არის. ასევე 68% ეხება ონლაინ ვაჭრობას, რადგანაც ონლაინ ვაჭრობა როგორც ჩვენთან, ისე სხვა ქვეყნებში ძალიან აქტუალურია. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ითხოვენ თანხის უკან დაბრუნებას, ხელშეკრულებიდან გასვლას, რადგან არ სურთ ნივთის დატოვება, რომელიც არ მოეწონათ, ან ვერ შეთანხმდნენ. ძირითად შემთხვევაში, თანხის უკან დაბრუნება არის ის საკითხი, რომლის განხილვაც გვიწევს. ასევე არის ნაკლიანი ნივთის შეკეთება ან უკან დაბრუნება, ასევე არის ნაკლიანი მომსახურების მიწოდება, ან საქონლის მიწოდება არასათანადო ვადებში.

ძირითადად მოგვმართავენ საბითუმო და საცალო ვაჭრობის მიმართულებით. საჩივრები ყველაზე ხშირად ეხება ტანსაცმლით, ან ტექნიკით ვაჭრობას. შემდეგ არის გადამზიდავი კომპანიები. განცხადების 80%-ზე მეტი არის თბილისიდან.

მიმდინარე წელს დარღვევები გაზრდილია. უფრო მეტი „ქეისი“ გვაქვს, სადაც დარღვევა დავაფიქსირეთ. დამრღვევები ძირითადად არიან მცირე და საშუალო კომპანიები, ან ფიზიკური პირები, რომლებიც ონლაინ, ძირითადად სოციალურ ქსელში ვაჭრობენ“,- აღნიშნა ლექვინაძე მედიაჰოლდინგ „კვირაში“.