ბინებზე ფასის შემცირებას დიდად არ ველოდებით - ვაჟა მებაღიშვილი

ბინებზე ფასის შემცირებას დიდად არ ველოდებით - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ნოუბლ რიალ ისთეითის“ თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.

როგორც მებაღიშვილი განმარტავს, მიმდინარე პერიოდში სამშენებლო მასალები ფასები არის გაზრდილი, რაც ერთ-ერთი განმაპირობებელია იმისა, რომ საცხოვრებელ ბინებზე ფასი უახლოეს მომავალში არ შემცირდეს.

„ამჟამად იმდენად აჭრილია ბაზარი, რომ რთულია რამე გამოიკვეთოს. ფასის კლებას დიდად არ ველოდებით, რადგან ვიცით, რომ სამშენებლო მასალები გაძვირებულია და მოთხოვნა მეტ-ნაკლებად არსებობს ბაზარზე. იმედი გვაქვს, რომ მშვიდად ჩაივლის არჩევნები.

იქიდან გამომდინარე, რომ საარჩევნო წელია, ცხადია, ბევრი დამკვეთი თავს იკავებს გადაწყვეტილებებისგან, ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას და იმას, თუ რა ვითარება იქნება. ამ კუთხით გასული წლის ბუმის შემდეგ, წელს ფასების ცვლილებაც შეინიშნება. მაგალითისთვის, ფასები, ბოლო პერიოდს თუ გადავხედავთ, დასტაბილურდა, მაგრამ იმის გამო, რომ წინ არჩევნებია და არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება მის შემდეგ, უძრავი ქონების ბაზარიც მოლოდინის რეჟიმშია“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1.1%-ით, წლიურად კი 7.9%-ით გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, თვიურად ფასის ზრდა განპირობებული იყო სამშენებლო მასალების 1%-იანი გაძვირებით, წლიურ ჭრილში კი ფასები 3.8%-ით არის გაზრდილი.

მერი ტაბატაძე