„კომპანიები წლები ელოდებიან დავების გადაწყვეტას - სასამართლოში დავის ქონა ნიშნავს შეჩერებას, რაც გაკოტრების ტოლფასია“

„კომპანიები წლები ელოდებიან დავების გადაწყვეტას - სასამართლოში დავის ქონა ნიშნავს შეჩერებას, რაც გაკოტრების ტოლფასია,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ იურისტმა აკაკი ჩარგეიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, პრაქტიკაში როგორც სამოქალაქო, ისე ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის ბიზნეს დავები თითქმის თანაბარი რაოდენობით აქვს.

როგორც იურისტი აღნიშნავს, ბიზნეს დავები შესაძლოა იყო შემდეგი ტიპის: საგადასახადო, თაღლითობასთან დაკავშირებული, თანხების მითვისება, საკრედიტო და ფულადი დავალიანებების, პარტნიორთა შორის დავა, წილებისა და აქციების შესახებ დავები, სანებართვო და სალიცენზიო დავები და ა.შ.

BAG ინდექსის კვლევის თანახმად, 2024 წლის მესამე კვარტალში, ბიზნესის ხელის შემშლელ ფაქტორებს შორის გამოკითხულ კომპანიათა 40% სასამართლო და ადმინისტრაციულ საკითხებს უკავია. კერძოდ, კვლევის მიხედვით, სასამართლო ბარიერებზე საუბრისას გამოკითხულთა 40% პრობლემურად მიჩნევს სასამართლოს სისტემას, 55% ადმინისტრაციულ საკითხებს, 75% კი მარეგულირებელ სისტემას.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა პრობლემებია საქართველოში ბიზნეს დავების კუთხით. ჩარგეიშვილმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გამოწვევაა დროში გაწელილი დავები, რაც ბიზნესისთვის საზიანო და რიგ შემთხვევაში, გაკოტრების ტოლფასია. მისი თქმით, დავების სწრაფად მოსაგვარებლად ეფექტური მექანიზმია საარბიტრაჟო დავები, თუმცა ბოლო წლებში ამ კუთხითაც ხარვეზები წარმოიშვა.

„ბოლო 3-4 წელია, რაც სასამართლოები აბსოლუტურად არამეგობრულები გახდნენ არბიტრაჟებთან დაკავშირებით. დაიწყო საქმეთა წარმოების შეფერხება, შედეგად ბიზნესი ფიქრობს, რომ აღარ წავიდეს არბიტრაჟში და ისევ სასამართლოს მიმართოს. ეს იწვევს სასამართლოს გადატვირთვას.

ნებისმიერი ბიზნეს აქტივობა დაკავშირებულია შემოსავალთან, მოგების მიღებასთან, საქონლის რეალიზაციასთან, წარმოების გამართულობასთან და სასამართლოში დავის ქონა ნიშნავს შეჩერებას, რაც გაკოტრების ტოლფასია. კომპანიები წლების განმავლობაში ელოდებიან დავების გადაწყვეტას. ეს ურთიერთობები არის მოუგვარებელი.

მაგალითად, საგადასახადო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავები მიდის შემოსავლების სამსახურში, განხილვას 5-6 თვე სჭირდება, შემდეგ გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს და აქაც იგივე დროა საჭირო განხილვისთვის. თუ სასამართლოშიც გაასაჩივრე, დამატებით 4-5 წელი დაგჭირდება. საბოლოოდ გამოდის, რომ ბიზნესი პრობლემას ვერ აგვარებს. სისტემა არის მობილიზებული, რომ დავა არაეფექტურად და დროში ხანგრძლივ პერიოდში იყოს გადაწყვეტილი. მრავლად არის ასეთი შემთხვევები,“ - ამბობს იურისტი.

ჩარგეიშვილი დავების გადაწყვეტის გზებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს იმ სახელმწიფო სამსახურების როლზე, რომლებიც საქმის განხილვაში მონაწილეობენ.

„თავად სახელმწიფო სამსახურებმა დავების განხილვისას უნდა მიიღონ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მას გასაჩივრება არ სჭირდებოდეს. დღეს გვჭირს ასეთი სინდრომი, რომ არც ერთი სამსახური, რომელიც ხედავს, რომ ეკონომიკური სუბიექტი მართალია, დავების სასარგებლოდ გადაწყვეტილებას არ იღებს. ეუბნება ბიზნესს, რომ თუ მართალია გაასაჩივროს სასამართლოში. არ წარადგენენ გადაწყვეტილების საფუძველსა და დასაბუთებას. რომ გამოჰკითხოთ ბიზნესი, ნახავთ, ყოველი მეორე ამ პრობლემას დაასახელებს, რომ მართალი იყო და სასამართლოში გაუშვეს. სახელმწიფო სამსახურების უარი დასაბუთების გარეშეა ხოლმე მიწოდებული და ბიზნესი ვერ იგებს, რა უნდა ქნას კონკრეტულ სიტუაციაში,“ - განაცხადა აკაკი ჩარგეიშვილმა.

მერი ტაბატაძე