რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენი ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს - ირაკლი ღარიბაშვილი

მოწოდება, რაც ნახეთ [სანქციებზე] რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდაა - სანქციების დაწესება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას ნიშნავს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპარლამენტის რეზოლუციის იმ ნაწილს, სადაც რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზეა მოწოდება.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ სანქციებზე მიერთებაზე უარი თავიდანვე თქვა, თუმცა ამის მიუხედავად „სანქციებისთვის გვერდის ავლაში ვინმეს დახმარების არცერთი ფაქტი დაფიქსირებულა“.

„თავიდანვე კარგად გვქონდა გააზრებული, რომ სანქციების დაწესება [რუსეთისთვის] რეალურად ჩვენს ხალხზე სანქციების დაწესებას ნიშნავდა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა არათუ 10%-ით გაიზრდებოდა, არამედ 10%-იანი ვარდნა იქნებოდა. შეიძლება ჩვენი ეკონომიკა 20-30%-თაც კი შემცირებულიყო. ამიტომ ჩვენ რომ თავიდანვე ეს რეალური საფრთხეები დავინახეთ, ამიტომ ვთქვით, რომ ამ სანქციებს არ მივუერთდებოდით. კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ ვინმეს სანქციებისთვის გვერდის ავლაში დავეხმარეთ. ყველაფერი აბსოლუტურად გამჭვირვალედ იყო. ძალიან მაღალი პროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან.

მოწოდება, რაც ნახეთ რეალურად ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდაა. ისინი მოგვიწოდებენ, რომ მივიღოთ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამას არ გავაკეთებთ მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.