შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რუსთავი-ჯანდარას 8.5 კმ-იანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იგეგმება. შესყიდვა გზების დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტების თანახმად, გზა სოფელ ჯანდარას ჩრდილო-დასავლეთიდან დაიწყება, გაივლის სოფელ მზიანეთს და ჯანდარის ტბის მიმდებარედ დასრულდება.
„საპროექტო მონაკვეთი წარმოადგენს რუსთავი-ჯანდარას საავტომობილო გზის კმ4.6-კმ13 მონაკვეთს, რომელიც მდებარეობს ძირითადად დაუსახლებელ ტერიტორიაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
ამასთანავე, ირკვევა, რომ სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთი არის დაზიანებული, გზის საფარი არის დაბზარული და მწყობრიდან გამოსული. გარდა ამისა, გზებზე შეინიშნება ორმოები.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 8 466 534 ლარს შეადგენს. მიმწოდებელმა სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 8 თვეში უნდა დაასრულოს.
ტენდერში წინადადებების მიღება 13 ნოემბერს დაიწყება და 18 ნოემბერს დასრულდება.