ბიზნესმენები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ დიდ თანხებს სწირავენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების შემოწირულებების შესახებ განახლებულ ინფორმაციას აქვეყნებს.

ორგანიზაციის ცნობით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის, 11 პოლიტიკური პარტიისთვის შეწირული 16 მილიონი ლარიდან, „ქართული ოცნებისთვის“ შეწირული თანხა 9 მილიონ ლარს აღემატება.

გთავაზობთ კვლევიდან მონაცემებს, რომლებიც „ქართული ოცნებისთვის“ ბიზნესმენების მიერ შეწირულ თანხებს ასახავს.

„ქართული ოცნების“ შემომწირველთა სიაში ბიზნესმენების სახელები და გვარები ფიგურირებს. მმართველი გუნდის ყველაზე მსხვილ შემომწირველებს შორის არიან ბიზნესმენები დავით დევაძე და ოთარ ფუტკარაძე.

საჯარო რეესტრში მათი მონაცემების გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ ისინი საერთო კომპანიის შპს „ბონდი-2009“-ის თანამფლობელებიც არიან. დავით დევაძეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნებისთვის“ 60.000 ლარი აქვს შეწირული, ხოლო ოთარ ფუტკარაძეს - 37.000 ლარი. ოთარ ფუტკარაძე „ქართული ოცნების“ დიდი ხნის დამფინანსებელია. ჯამში, მას „ქართული ოცნებისთვის“ 147,000 ლარი აქვს შეწირული (2021 წლიდან დღემდე).

მოცემულ კომპანიას 2012 წლიდან დღემდე 35 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მსხვილი შემომწირველებს შორისაა სერგო ხაბულიანი. 2024 წლის განმავლობაში მას 50.000 ლარი აქვს შეწირული „ქართული ოცნებისთვის“. ხაბულიანი შპს „ცეკურის“ თანამფლობელია. 2024 წელს აღნიშნულმა კომპანიამ მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული 374.241 ლარის ღირებულების ტენდერი მოიგო. ტენდერის დოკუმენტაციის თანახმად, კომპანიას სამშენებლო სამუშაოების ჩატარება ევალებოდა. საერთო ჯამში, 2012 წლიდან დღემდე, კომპანიას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ტენდერებში 65 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.

შემომწირველებს შორისაა ბიზნესმენი ვაჟა ციგროშვილიც. მას „ქართული ოცნებისთვის“ თანხა რვაჯერ აქვს შეწირული. პირველად ბიზნესმენმა პარტიას თანხა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ შესწირა. წლების განმავლობაში შეწირული თანხის საერთო ჯამი 271.000 ლარია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეწირული თანხა კი 24.000 ლარი. საჯარო რეესტრში ციგროშვილის სახელზე შვიდი კომპანიაა რეგისტრირებული. ციგროშვილი ორმაგ მოქალაქეობას ფლობს - ის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა. ბიზნესმენი კომპანია შპს „სტორის“ 90%-იანი წილის მფლობელია. მოცემული კომპანია კახეთში „სტორი 1 ჰესს“ აშენებს. „სტორი 1 ჰესის“ მშენებლობა 2019 წელს დაიწყო.

ციგროშვილის ერთ-ერთი ბიზნესპარტნიორი, შპს „სტორის“ ერთ-ერთი თანამფლობელი, ბეჟან ანუაშვილი მმართველის გუნდის კიდევ ერთი შემომწირველია. 2016 წლიდან დღემდე მან პარტიას თანხა ოთხჯერ შესწირა. შეწირული თანხის ჯამი 45.000 ლარია“, - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე