ნოდარ ჯავახიშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ნოდარ ჯავახიშვილი და "გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" დირექტორი, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს. ორგანიზაციის დაფინანსებით "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამას ახორციელებს. პროგრამის მთლიანი ღირებულება 500 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომელიც საქართველოს 7 ქალაქსა და დაბაში სასმელი წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციას ისახავს მიზნად. აზიის განვითარების ბანკის დახმარებით ასევე გათვალისწინებულია სხვადასხვა აღჭურვილობის შეძენა, მათ შორის სპეციალური ტექნიკისა და ლაბორატორიული აპარატურის.

სტუმრებმა ქართული მხარის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაწეული საქმიანობა დადებითად შეაფასეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

აზიის განვითარების ბანკი საქართველოში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის, წყალმომარაგების რეაბილიტაციისა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების კუთხით სამინისტროს ერთ-ერთ ძირითად პარტნიორს წარმოადგენს.