სინგაპურის უმსხვილესი ფინანსური კორპორაცია რუსეთთან ტრანზაქციებს მთლიანად შეწყვეტს

სინგაპურის ფინანსური კორპორაცია, Oversea-Chinese Banking Corp. (OCBC) 1-ლი ნოემბრიდან რუსეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ ოპერაციას შეწყვეტს.

ინფორმაციას Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

OCBC Bank არის ფინანსური კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი აზიური ვაჭრობის ერთ-ერთ ცენტრში, სინგაპურში მდებარეობს. ეს არის სინგაპურის უძველესი ბანკი, რომელიც 1932 წელს სამი ადგილობრივი ბანკის შერწყმის შედეგად შეიქმნა და სინგაპურის სიდიდით მეორე ფინანსური ორგანიზაციაა. ამასთან, OCBC სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აქტივების ფინანსური მომსახურებით მეორე უმსხვილესი ჯგუფია, რომელსაც Moody's-ის მიერ Aa1 რეიტინგი აქვს მინიჭებული.

კორპორატიული და საცალო კლიენტებისთვის დაგზავნილ შეტყობინებაში OCBC მიზეზად ოპერაციულ გამოწვევებს ასახელებს, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციების გამო მარეგულირებელი მოთხოვნების დაცვას უკავშირდება.

Bloomberg-ის წყარო განმარტავს, რომ ტრანზაქციები, რომლებსაც OCBC და მისი სიმდიდრის მართვის განყოფილება, Bank of Singapore წყვეტენ, რუსეთში კონტრაგენტების მონაწილეობით პირად გადარიცხვებს ეხება. ეს ტრანზაქციები, ასევე, რუსეთის მონაწილეობით საქონლის ტრანსპორტირებას, ტვირთისა და მომსახურების მიწოდებას ან რეალიზაციას მოიცავს.

მოელიან, რომ ამ შეზღუდვებს OCBC-ზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, რადგან ბანკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსეთთან დაკავშირებული კლიენტებისთვის ახალი ანგარიშების გახსნა უკვე შეწყვიტა.

Bloomberg-ის შეფასებით, ”რუსეთთან დაკავშირებული ყველა ტრანზაქციის შეწყვეტით, OCBC აჩვენებს, თუ როგორ ხდებიან ბანკები უფრო ფრთხილები, რადგან უკრაინასთან რუსეთის ომი მესამე წელია, გრძელდება, რაც უფრო მეტ სანქციებსა და რეგულაციებს იწვევს.”

2022 წლის მარტში სინგაპურის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ცალმხრივი მიზნობრივი სანქციები შემოიღო, რომლებიც ზოგიერთ რუსულ ბანკს ეხებოდა. თუმცა კრიპტოვალუტით ვაჭრობა, ასევე, გარკვეული საქონლის ექსპორტი და მრავალი სხვა საბანკო თუ აქტივების მართვის საქმიანობა არასანქცირებულ მხარეებთან გრძელდებოდა.

ცნობისთვის: Reuters წერს, რომ ჩინურმა ბანკებმა შესაძლოა, მთლიანად თქვან უარი რუსეთიდან გადახდების მიღებაზე 12 ოქტომბრის შემდეგ, როგორც კი აშშ-ის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (Office of Foreign Assets Control-OFAC) ლიცენზიის ვადა ამოიწურება. ამერიკული ლიცენზია გარკვეულ ტრანზაქციებს უშვებს, რომლებიც რუსეთის ფინანსური ინფრასტრუქტურის საყრდენებთან არის დაკავშირებული. ამასთან, ივლისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინური ბანკები იუანში გადარიცხვების 80%-ს რუსეთში უკან აბრუნებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ