გეოპოლიტიკური კონფლიქტების გამო გლობალური ეკონომიკა 14.5 ტრლნ დოლარს დაკარგავს

გლობალურმა ეკონომიკამ ხუთი წლის განმავლობაში შესაძლოა, 14.5 ტრლნ დოლარის ზარალი განიცადოს, თუ გეოპოლიტიკური კონფლიქტები გაღვივდება, რაც მიწოდების ჯაჭვზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.

ამის შესახებ ლონდონის სადაზღვევო ბაზრის ოპერატორ Lloyd's-ის ანგარიშში წერია, რომელიც კემბრიჯის რისკების კვლევების ცენტრთან პარტნიორობით მომზადდა. ინფორმაციას Reinsurancene ავრცელებს.

ანგარიშში სისტემური რისკების რვა „ჰიპოთეტური, მაგრამ დამაჯერებელი“ სცენარი არის გაანალიზებული. გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), როგორც ცენტრალური მაჩვენებლის გამოყენებით, კვლევა ვარაუდობს, რომ გეოპოლიტიკური კონფლიქტების შედეგად ეკონომიკურმა ზარალმა დაბალი სიმძიმის სცენარით შესაძლოა, 7,8 ტრლნ დოლარიდან, ხოლო ყველაზე უარეს შემთხვევაში, 50 ტრლნ დოლარამდე შეადგინოს.

„მსოფლიო იმპორტ-ექსპორტის 80%-ზე მეტი, რაც, დაახლოებით, 11 მლრდ ტონა საქონელს შეადგენს, საზღვაო გზით სრულდება. გეოპოლიტიკური კონფლიქტის გამო ძირითადი სავაჭრო გზების ჩაკეტვა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხეა გლობალური ეკონომიკის მდგრადობისთვის,“ - წერს Lloyd's.

3,4 ტრლნ დოლარამდე ზარალი, განსაკუთრებით, ევროპამ შეიძლება, განიცადოს, რადგან რეგიონი დიდად არის დამოკიდებული სხვა განვითარებული ქვეყნებიდან ისეთი საქონლის მიწოდებაზე, როგორიც საავტომობილო და ელექტრონიკის ინდუსტრიისთვის საჭირო ნახევარგამტარებია.

ანგარიშში, ასევე, მოცემულია დაზღვევის სახეობების მაგალითები, რომლებსაც ამ ეკონომიკური ზემოქმედების შემსუბუქება შეუძლია. მათ შორის არის პოლიტიკური რისკების დაზღვევა, საკრედიტო, ბიზნესის შეწყვეტის, საზღვაო და საავიაციო დაზღვევები.

ცნობისთვის: 18 ივნისს Fitch-მა გლობალური მშპ-ის ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის გააუმჯობესა, თუმცა 2025 წელს შენელება ივარაუდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ