ფეხბურთის ბილეთები სალაროებში ცოცხალი რიგით გაიყიდება

ქართველი გულშემატკივრისთვის უეფას სუპერთასის მატჩის ბილეთები სალაროებში ცოცხალი რიგით გაიყიდება, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება უეფასთან კონსულტაციის შედეგად მიიღეს. როგორც სიჭინავამ განმარტა, biletebi.ge ბილეთებს აღარ გაყიდის. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, დღეს გაიმართება კონსულტაცია უეფასთან და დაიგეგმება, თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება. მისივე თქმით, ბილეთების დაბეჭდვა დღესვე დაიწყება. რაც შეეხება უცხოელებისთვის ბილეთების გაყიდვას, სიჭინავას განცხადებით, უეფა გადაწყვეტს, როგორ გაიყიდება უცხოელებისთვის განსაზღვრული 6 000 ბილეთი.

მისივე განმარტებით, შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, დაინტერესდება ყველა იმ კომპანიით, რომელიც სუპერთასის მატჩს მოემსახურება. სიჭინავას თქმით, ეს იქნება ტრანსპორტის მიმართულებით, მომარაგების მიმართულებით და ყველა სხვა მიმართულებით დაქირავებული კომპანიები და შეისწავლის, რამდენად გაართმევენ თავს დაკისრებულ მოვალეობებს.

სფფ-ს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა ამ კომპანიის შესახებ, ისევე, როგორც biletebi.ge-ს შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მხოლოდ უეფა იღებდა. სიჭინავა დარწმუნებულია, რომ ბილეთების გაყიდვის ასეთი პრობლემები სამომავლოდ იქონიებს გავლენას. "თითის ჩვენება უეფასგან და გაფრთხილება მაინც იქნება და შესაძლოა, ამ პრობლემებმა ცუდი შედეგები გამოიღოს სამომავლოდ", - აღნიშნა სიჭინავამ.