ქუთაისის მერია - ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგს აგრძელებენ.

„ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, მერის მოადგილე მამუკა ხიმშიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის ცენტრის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ.

ლილი ნუცუბიძის ქუჩაზე არსებული შენობის რეკონსტრუქციისთვის 999 773 ლარია ქალაქის ბიუჯეტით განსაზღვრული. შენობა ფუნქციონირებას არაფორმალური განათლების ცენტრის სახით გააგრძელებს, სადაც საკონფერენციო და სამონტაჟო ოთახები, სამუშაო და მულტიმედიის სივრცეები მოეწყობა, რომლებიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-17 სპორტული სკოლის კრივის დარბაზებსა და ადმინისტრაციულ შენობას. 2 210 474 ლარის ღირებულების პროექტს რგპფ აფინანსებს და გათვალისწინებულია კრივის დარბაზების, გასახდელების, სველი წერტილების, საუნის განახლება. განახლდება ადმინისტრაციული შენობის ოთხივე სართული, მოეწყობა სასტუმრო, შეიცვლება გადახურვა და კარ-ფანჯრები. რეაბილიტაციის შემდეგ სპორტული სკოლა შეძლებს უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს.

ქალაქში ინტენსიურად წესრიგდება ფასადები. ფასადი განახლდება გამსახურდიას გამზირის #17 მრავალსართულიან კორპუსზეც. პროექტის ღირებულებაა 305 593 ლარი და რგპ-ის ფონდიდან ფინანსდება. შენობაზე განთავსდება ფერადი პანელური მოაჯირები, შეიცვლება კარ-ფანჯრები და წყალსაწრეტები.

რეგიონული განვითარების პროგრამის ფონდიდანაა დაფინანსებული მესხიშვილის ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაც. 948 691 ლარის ღირებულების პროექტის მიხედვით, მესხიშვილის ქუჩაზე, ჩიხების ჩათვლით, გზის სავალ ნაწილზე განახლდება ასფალტბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე.

დაწყებულია დადიანის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია. არხის ორივე მხარეზე ეწყობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი. პროექტის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს და გათვალისწინებულია 2 ხიდის, გაზონების, საფეხმავლო ბილიკების, გამწვანების, განათების, საპარკე ინფრასტრუქტურის მოწყობა. ეს პროექტიც რგპფ-დან არის დაფინანსებული.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქუთაისის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.