საბერძნეთი ევროზონის კრიზისების მართვის ორგანოს მიმართავს

საბერძნეთი ევროზონის კრიზისების მართვის ორგანოს - "ევროპული სტაბილურობის მექანიზს" ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასზე დაყრდნობით იტყობინება. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საბერძნეთი კვლავ რჩება მოლაპარაკებების მაგიდასთან, ათენი ცდილობს კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას.

ევროკომისიამ გუშინ ბერძნულ მხარეს ახალი წინადადება შესთავაზა. კერძოდ, თუ ათენი დათანხმდება საერთაშორისო კრედიტორების პირობებს რეფორმების გატარების შესახებ, მაშინ იგი 1,6 მილიარდი ევროს გადახდისგან თავისუფლდება. ევროზონის ლიდერების წინადადების შესახებ საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი ჩატარდება, რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ.