რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაფართოება „ჰუმანიტარული ურთიერთობებით“ და ხალხებს შორის დიალოგით ახსნა.
„სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები ერთია, მაგრამ ჰუმანიტარული ურთიერთობები, როცა საქმე ორი ქვეყნის ხალხებს შორის დიალოგს ეხება, სხვაა... ჩვენი ქართული დიასპორა საკმაოდ დიდია, ჩვენი ტურისტები დადიან საქართველოში, ეს ნორმალური პროცესია“, - განაცხადა პესკოვმა.
2008 წლის ომის შემდეგ რუსეთსა და საქართველოს შორის უვიზო რეჟიმი გაუქმდა. 2012 წელს საქართველომ ცალმხრივად შემოიღო უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
2023 წლის გაზაფხულზე რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზმო რეჟიმი კვლავ აამოქმედა. მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს კი პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფართოვა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის საფუძველი: ახლა საქართველოს ყველა მოქალაქე შეძლებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლას უვიზოდ 90 დღეზე მეტი ვადით. მანამდე რუსეთში უვიზოდ გამგზავრება მათ შეეძლოთ, ვინც იქ სამუშაოდ ან სასწავლებლად ჩადიოდა.