ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა

ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში 100-მდე ახალი სასტუმრო გაიხსნა, ამჟამად თბილისში 15 ახალი სასტუმროს, რეგიონებში კი 70 სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო "მერკურის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა MAQRO CONSTRUCTION-s და Accor Hotels Group-ს პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ სასტუმრო "მერკური", რომელიც მსოფლიოს 51 ქვეყანაშია წარმოდგენილი, უკვე საქართველოშია. "სასიხარულოა, რომ თბილისში გაიხსნა სასტუმრო "მერკური", რომელიც არის მსოფლიოში ცნობილი ბრენდი და შედის სასტუმროების ჯგუფში Accor Hotels Group-ი. ამ წარმატებულ პროექტში ჩაიდო 16 მილიონი დოლარი. ინვესტორები ასევე ახორციელებენ გაცილებით მასშტაბურ პროექტს თბილისში - "მწვანე ბუდაპეშტი", რომელშიც დაახლოებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება. იგი გაიხსნება 2016 წლის მაისში. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ისეთმა ცნობილმა ბრენდმა, როგორიც არის Accor Hotels Group-ი გადაწყვიტა საქართველოში შემოსვლა. ეს ადასტურებს ნდობის გამოცხადებას ჩვენი ქვეყნისადმი. ეს ნიშნავს, რომ ტურიზმი არის ყველაზე მზარდი სექტორი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა დაინტერესებულია და ყოველმხრივ უწყობს ხელს თავისუფალი და კონკურენტული გარემოს შექმნას ბიზნესისა და ინვესტირებისთვის. პრემიერმა ახლად გახსნილი სასტუმრო დაათვალიერა და იმედი გამოთქვა, რომ კომპანია ქვეყნისთვის მნიშვნელოვან არაერთ ინვესტიციას განახორციელებს.

საერთაშორისო ჰოლდინგი "მაქრო ქონსთრაქშენი" 2013 წელს შემოვიდა ქართულ ბაზარზე. სასტუმრო "მერკურის" მშენებლობა იყო პირველი პროექტი, რომელიც მან განახორციელა. კომპანიის ყველაზე მსხვილი პროექტია "მწვანე ბუდაპეშტი", რომლის საინვესტიციო თანხა 100 მილიონს აღემატება. დაგეგმილია აგრეთვე რამდენიმე სასტუმროსა და ფართოპროფილიანი პროექტების განხორციელება.