„ახლა საშუალო და მაღალი შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავედით და ეს თავის თავში ითვალისწინებს, რომ ასეთი ტიპის დახმარებები, რომელსაც ვიღებდით, შემცირდება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მინისტრმა ისაუბრა ასევე, ევროკავშირის მხრიდან დაფინანსებების შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ თუ ასე მოხდა, ეს სამწუხარო იქნება, თუმცა, ქვეყანას არცერთ მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ პროგრამაზე უარის თქმა არ მოუწევს, რადგან მსგავსი პროექტები ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
"ყველა დახმარებისთვის, რასაც ქვეყანა იღებს, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორებსა და დონორებს. საქართველო წლების განმავლობაში იღებდა მნიშვნელოვან დახმარებებს, ბოლო წლებში ეს დახმარებები მცირდება, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება, ეს ლოგიკურია, იმიტომ, რომ ქვეყანა ვითარდება და ნელ-ნელა ხდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. ახლა საშუალო და მაღალი შემოსავლიანი ქვეყნების კატეგორიაში გადავედით და ეს თავის თავში ითვალისწინებს, რომ ასეთი ტიპის დახმარებები, რომელსაც ვიღებდით, შემცირდება. თავის დროზე, ეს იყო ჰუმანიტარული, შემდეგ განვითარებაზე მიმართული დახმარება.
რაც შეეხება კონკრეტულად ევროკავშირიდან დახმარებებს, აქაც იყო გარკვეული სპეკულაციები და აქაც კონკრეტულად უნდა ავხსნათ მოსახლეობისთვის - რა დახმარებებს ვიღებთ. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას შევუწყვეტთ, ეს არ არის საქართველოს ხელისუფლებისთვის დახმარება, დახმარება არის ქართველი ხალხისთვის, იმიტომ, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც ბიუჯეტში ხვდება, ის იხარჯება ქართველი ხალხის ინტერესებისთვის. ეს მთავრობის წევრების ბენეფიტებზე ან სხვა ხელისუფლების წარმომადგენლების სიკეთეებისთვის არ მიემართება, ეს მიემართება კონკრეტული პროექტების შესასრულებლად. კონკრეტული პირობებია ხოლმე მოცემული და ამ პირობების შესრულების შემთხვევაში, ქვეყანა იღებს დახმარებას. აქაც პირობები არის კონკრეტული - გარკვეული ეკონომიკური პარამეტრების მიღწევა, იმ ამოცანების შესრულება, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების დღის წესრიგში გვაქვს. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ვფიქრობ, საბოლოოდ ევროკავშირის გადაწყვეტილება რაციონალური იქნება და ასეთი რამ არ მოხდება. თუ ასეთი რამ მოხდა, რა თქმა უნდა, იქნება სამწუხარო. ჩვენ არცერთ პროექტს არ შევაჩერებთ, ყველა პროექტს გავაგრძელებთ. საქართველოს ბიუჯეტი ყველა იმ პროექტს, რომელიც გათვალისწინებულია, გავაგრძელებთ, დაფინანსების შეჩერების მიუხედავად. არ ვამბობთ პრიორიტეტებზე უარს და ამის რესურსები ქვეყანას გააჩნია, მაგრამ ეს არ იქნება სასარგებლო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის. ამ პროექტში ჩართული ხალხისთვის აღქმები იქნება ნეგატიური. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება გადახედილი.
ჩვენი ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ამაზე საარჩევნო პროგრამაში პრემიერი საუბრობდა. გვაქვს მოლოდინი, რომ 2028 წლისთვის ბიუჯეტი იქნება 40 მილიარდი ლარი. შესაბამისად, რამდენიმე წლიან პერსპექტივაში 121 მილიონი ევროს, ან სხვა მნიშვნელოვანი დახმარებების ჩანაცვლებას შევძლებთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „რუსთავი2-ს“ ეთერში.