გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა „ბიბლუსში“

13 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ვაკის პარკის „ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის ახალი წიგნის - „დედა და ილია“ პრეზენტაცია გაიმართება.

წიგნი გვიყვება ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც იწყება აფხაზეთის ომით და ილიას ისტორიული ტრიუმფით სრულდება. მკითხველს ელოდება ემოციური მოგზაურობა სოხუმიდან ჭუბერამდე, რუსთავიდან ჰალემდე და ბოლოს ალიკანტედან კალიფორნიამდე – გზა, სავსე ბრძოლით, მოთმენითა და დაუღალავი სიყვარულით.

“დედა და ილია” SMH Sports-ის პროექტია, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი გახლავთ „ბიბლუსი“. UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას ამბავი არის ომზე, სისხლზე, დევნილობაზე, სიყვარულზე, ემიგრაციაზე, მოთმენაზე, ბრძოლასა და გამარჯვებაზე, რომელიც ილიას ტრიუმფით გვირგვინდება.

ილიას ჩემპიონობა ჩემთვის მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია სულ იბრძოლო, არ დაეცე, თუ დაეცი – წამოდგე და შეუძლებელია არ გაიმარჯვო. მე ამ ჩემპიონობის მონაწილე ვარ. მე და ილიამ ეს გზა ერთად გავიარეთ და იმ დღეს ჩემი დიდი ოჯახი მიხვდა, რომ სიცოცხლე ღირდა, თუნდაც, ამ გამარჯვებისთვის.” – ინგა ბენდელიანი თოფურია.

„დედა და ილია“ არის არა მხოლოდ სპორტსმენის ისტორია, არამედ ქალის, რომელიც ებრძოდა ყველა სირთულეს, რათა თავისი შვილი მომავალში წარმატების გზაზე დაეყენებინა.

წიგნი ექსკლუზიურად „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება და მისი შეძენა შეეძლება ყველას, ვისაც სურს გაეცნოს ამ შთამბეჭდავ ისტორიას.

დასწრება თავისუფალია!

(R)