„700 ათასამდე ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, კიდევ 250 ათასი ადამიანი შემდეგი 4 წლის განმავლობაში დააღწევს სიღარიბეს თავს," - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა.
მინისტრის თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში სიღარიბის დონე ქვეყანაში 4%-მდე შემცირდება.
„ერთი ფაქტორით, რა თქმა უნდა, არასოდეს არ არის განპირობებული სიღარიბის შემცირება. სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის მნიშვნელოვანი რაოდენობა და ამ რაოდენობის არშემცირება პირდაპირ კავშირშია ჩვენს სოციალურ პოლიტიკასთან, რომელიც გულისხმობს, რომ მიუხედავად იმისა, ადამიანი დასაქმდება თუ არა და შეეცვლება თუ არა მას სოციალური მდგომარეობა, 4 წლის განმავლობაში მას სოციალური დახმარების მიღების უფლება უნარჩუნდება. ადრე იყო, რომ ეხსნებოდა მაშინვე.
იმის გამო, რომ ჩვენ წაგვეხალისებინა ასეთი ადამიანების დასაქმება, რომ მათ არ ჰქონოდათ დამატებითი საფრთხე და არჩევანი - შეენარჩუნებინათ სტატუსი თუ ეფიქრათ დამატებით შემოსავალზე თავიანთი ოჯახებისთვის, ისინი ინარჩუნებენ სტატუსს და ამ სოციალურ ბენეფიტებს და აქვთ საშუალება სოციალური ან ზოგადად დასაქმების კუთხით მეტი შემოსავალი მოუტანონ თავიანთ ოჯახს. ეს არის ჩვენი გააზრებული, რაციონალური პოლიტიკა, რომელიც ისევ მოსახლეობის გაუმჯობესების კუთხით არის მიმართული. აქ არის უბრალოდ რიცხვებით სპეკულაცია, რომ რადგან მეტი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, უარესდება სიტუაცია, რაც ასე არ არის ნამდვილად.
700 000-მდე ადამიანმა დააღწია სიღარიბეს თავი ჩვენი ხელისუფლების პირობებში. ძალიან კონკრეტული მაჩვენებელი იყო წარმოდგენილი პრემიერის პროგრამაში. ჩვენ ვსაუბრობთ, რომ დღეს კიდევ 450 000-მდე ადამიანი რჩება სიღარიბის ზღვარს მიღმა, მაგრამ კიდევ 250 000 ადამიანი შემდეგი 4 წლის განმავლობაში დააღწევს სიღარიბეს თავს. სიღარიბე ჩამოვა 4%-მდე, ეს, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი მაჩვენებელი, ჩვენ გვინდა სიღარიბის განულება, მაგრამ უნდა ვიყოთ რეალისტები, მაგრამ დინამიკა და პროგრესი იქნება ცალსახა, ეს იქნება ნათელი," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში.