საბერძნეთმა სავალუტო ფონდს 1,6 მლრდ დოლარის ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა

საბერძნეთმა საერთაშორისო სავალუტო ფონდს 1,6 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალი დათქმულ დროში ვერ გადაუხადა. ვადა გუშინ საღამოს ამოიწურა.

"ბიბისის" ცნობით, ბოლო წუთამდე ევროზონის ლიდერები ათენთან შეთანხმების მიღწევას ცდილობდნენ, თუმცა, ამაოდ.  საბერძნეთის მთავრობა საერთაშორისო კრედიტორებს ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფას სთხოვდა, რაზეც უარი მიიღეს. თავის მხრივ, ევროზონის ლიდერები ათენს მათ მიერ შეთავაზებული პირობების სანაცვლოდ ვალის გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ.

როგორც ევროზონის მინისტრები აცხადებენ, ისინი საბერძნეთის მთავრობასთან დღესაც აპირებენ მოლაპარაკებების გამართვას. 5 ივლისს კი ევროზონის წინადადების შესახებ საბერძნეთში რეფერენდუმი ჩატარდება, რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ.

იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩეველი ევროზონის წინადადებას დათანხმდება, პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი თანამდებობის დატოვებით იმუქრება. თავის მხრივ, ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ხუთი ივლისის რეფერენდუმზე ბერძენი ამომრჩეველი საერთაშორისო კრედიტორების წინადადებას მხარს არ დაუჭერს, მაშინ საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.