„თუ ევროპაში დაღუპულთა ინდექსი 1.2-ია, ჩვენთან ეს რიცხვი - 12-ია,“ - ამის შესახებ ფონდის „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოება“ დირექტორმა ირაკლი იზორიამ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისივე თქმით, წელიწადის განმავლობაში ქვეყანაში 50 ათასზე მეტი ავარია ხდება, რაც იზორიას შეფასებით, ძალიან ბევრია საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის.
„ავტოსაგზაო შემთხვევების კუთხით, ჩვენთან 10-ჯერ მეტი მაჩვენებელია უარესობისკენ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მიაქციოს ყურადღება ამ მიმართულებას. წელიწადის განმავლობაში 50 000-ზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომელზეც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ფიქსირდება, რაც ძალიან ბევრია ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის. მითუმეტეს, ეს არის შემთხვევები, რომელმაც მძიმე შედეგები არ გამოიწვია, მნიშვნელოვანია რეაგირების მექანიზმებიც, განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც პატრული იმ დოზით არ არის, ხოლო კრიმინალურ პოლიციას თავისი საქმე აქვს. ამიტომ მეტი კონტროლი უნდა ხდებოდეს,“ - აღნიშნავს იზორია.
მისი თქმით, ავარიების მიზეზად ყველაზე ხშირად სიჩქარის გადაჭარბება სახელდება.
„60-70 კმ/სთ სიჩქარეზე მეტად თუ მოძრაობ, დარტყმის ძალა მატულობს, ამ შემთხვევაში გადარჩენის შანსი 25%-ია. მნიშვნელოვანია ასევე ქვეითთა პრობლემაც, რომლებიც ხშირად არ იცავენ წესს და ისეთ ადგილებში გადადიან, სადაც არ შეიძლება. აუცილებელია ამ მხრივაც მოხდეს ცნობიერების ამაღლება,“ - განაცხადა ირაკლი იზორიამ.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მხოლოდ 2024 წლის 1-ელ ნახევარში ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, 25 019 ავტოსგზაო შემთხვევა აღირიცხა, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, 2024 წლის იანვარ-ივნისში სულ, 2 544 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა.