2023 წელს საქართველოდან ემიგრაციაში 163 ათასზე მეტი ადამიანი წავიდა - მათი 70% კი 30 წლამდე ასაკის იყო - IDFI

2022-2023 წლებში ემიგრაციაში საქართველოს 264.3 ათასი მოქალაქე წავიდა, საიდანაც 146.3 ათასი დაბრუნდა, 118 ათასი მოქალაქე კი დარჩა. ამის შესახებ მონაცემებს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) ავრცელებს.

კვლევის თანახმად, მხოლოდ 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოდან 100 802 მოქალაქე წავიდა, საიდანაც 54 405 ქვეყანაში დაბრუნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2023 წელს ემიგრაციის მაჩვენებელი ბოლო 10 წლის მაქსიმუმზე იყო. ასე მაგალითად, გასულ წელს ქვეყანა დატოვა 163 480 მოქალაქემ, საიდანაც 91 896 დაბრუნდა.

IDFI-ის ცნობით, 2023 წელს ქვეყნიდან წასული მოქალაქეების უდიდესი ნაწილი - 70% (114 438 მოქალაქე) 30 წლამდე ასაკის პირია, მათ შორის 43% (70 003) კი ბავშვია.

„საქსტატის მონაცემებით, ბოლო 10 წელში (2014-2023) ემიგრაციაში წავიდა 815 608 მოქალაქე, ხოლო საქართველოში დაბრუნდა 265 ათასით ნაკლები - 550 919 პირი.

გაეროს მონაცემებით, 2020 წელს ემიგრაციაში ცხოვრობდა საქართველოში დაბადებული 861 077 პირი. არსებული დინამიკის გათვალისწინებით მათი რიცხვი 2024 წელს მილიონამდე გაიზრდება“, - აღნიშნულია კვლევაში.

მერი ტაბატაძე