კახა კალაძე კომპანია „მეტროდან“ წასულ თანამშრომლებზე - ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ არავის გაუკეთებია

ალბათ, კარგი ხელფასები "ჩაიჯიბეს" - ვისაც უნდა, დარჩება კომპანია „მეტროში“ და ვისაც უნდა - წავა, გზა მარჯვნივ მიდის და მარცხნივაც, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „მეტროდან“ წასულ თანამშრომლებზე საუბრისას განაცხადა.

კერძოდ, მან აღნიშნულით უპასუხა კითხვას, როგორ შეაფასებს იმ ფაქტს, რომ კომპანია „მეტროს“ თანამშრომლები იმ მიზეზის გამო ტოვებენ, რომ კომპანიამ მმართველ გუნდს საარჩევნო კლიპი დაუმზადა.

„ამაში თანხები მიიღეს, უფასოდ არავის გაუკეთებია. ალბათ, კარგი ხელფასები "ჩაიჯიბეს". ეს იყო დაკვეთა, ძალიან კარგი კლიპი გამოვიდა, (კომპანიის დატოვება) მათი უფლებაა. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლიპებს გააკეთებენ. უამრავი ნიჭიერი და გონიერი ახალგაზრდაა ქვეყანაში, ვინც მივა აღნიშნულ კომპანიაში. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, ვისაც უნდა დარჩება, ვისაც უნდა წავა, გზა მარჯვნივ მიდის და მარცხნივაც. აირჩიონ, სადაც უნდათ“,- განაცხადა კალაძემ.