ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი წლის ბოლოს მინიმუმ 8.5%-ზე იქნება - ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული მოლოდინი ეყრდნობა იმ მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა და პარამეტრებს, რომელიც ქვეყანაშია.
„ზოგადად, როდესაც წლის დასაწყისში ხდება სავარაუდო პროგნოზის გადასინჯვა, მითუმეტეს, ზრდის მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, არის კარგი და მიანიშნებს იმაზე, რომ ეკონომიკა უფრო დინამიკურადაც კი ვითარდება, ვიდრე იყო თავდაპირველი პროგნოზი. დღეს უკვე არის 6.5% წლიური მაჩვენებელი და დაახლოებით, 2%-ით უფრო მაღალია, ვიდრე წლის დასაწყისში იყო. ესეც არ არის საბოლოო მაჩვენებელი იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორია 3 კვარტლის მონაცემი, 9%-ზე ცოტა მაღალია და პროგნოზი შეიძლება ცოტა მაღალიც კი იყოს წლის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ არის არჩევნები, რამაც შეიძლება გარკვეული ზეგავლენა იქონიოს ზრდაზე.
თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში საბოლოო შედეგი უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს გადასინჯული პროგნოზები. ამით იმის თქმა მინდა, რომ როდესაც ხდება გარკვეული კორექცია, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში, მაინც არის კონსერვატორული მიდგომა, შარშანაც ჩვენ გვქონდა საკმაოდ მაღალი ზრდა, პროგნოზი შედარებით დაბალი იყო. როდესაც ჩვენ გვქონდა ორნიშნა ზრდა, მაშინაც პროგნოზი მაქსიმუმ, 7.5% იყო, მაგრამ ზრდა უფრო მაღალი დაფიქსირდა.
აქედან გამომდინარე, მე ველოდები, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. წლის ბოლოს მინიმუმ 8.5%-ზე იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი.
ეს ეყრდნობა იმ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და პარამეტრებს, რომელიც ჩვენ გვაქვს ეკონომიკაში, როგორიც არის საგადასახადო ბალანსი, ბიუჯეტის დეფიციტი, ასევე, ექსპორტის მაჩვენებელი და ა.შ.“ - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ცნობისათვის, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 12% შეადგინა, ხოლო 2024 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 10%-ით განისაზღვრა.