მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა

თბილისში, მარჯანიშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის მილი გასკდა, რამაც მთელი ქუჩა დატბორა. შემთხვევა წუხელ მოხდა.  ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სახანძრო სამსახურის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" თანამშრომლები. მათ წყლის გადაკეტვა მოახერხეს. წყალმა დააზიანა ახლომდებარე ერთ-ერთი მაღაზიაც.

კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" (GWP) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გადაიკეტა წყალმომარაგება იმ მიზნით, რომ დაზიანებული ქსელი წყლისგან დაიცალოს, რის შემდეგაც, კომპანია ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს დაიწყებს.