5054 მეტრის სიმაღლეზე მდებარე მყინვარწვერი ერთ-ერთია იმ ადგილებს შორის, რომელიც ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულთათვის პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს. პერიოდულად ადგილზე ეწყობა ტურები, ინტერესს კი როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მოგზაურები იჩენენ.
„ბიზნესპრესნიუსსთან“ საუბრისას სამთო-სასიმაღლო გამყოლი გიდი მიხეილ ხორგუანი ამბობს, რომ ქართველების მხრიდან მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება.
„საქართველოში ექსკურსიის ტურიზმის კულტურა ნელ-ნელა ვითარდება. ხალხმა დაიწყო ყაზბეგში, სვანეთში, შატილში სიარულია. დადიან ორგანიზაციები და კომპანიებიც, რაც სექტორზე დადებითად აისახება. უფრო პოპულარულია ლაშქრობებზე სიარული და ეს ყველაფერი წინ მიდის.
მყინვარი სამთო-სასიმაღლო ტურიზმად ითვლება. ყოველ წელს უფრო მეტი მოთხოვნა არის ქართველებისგან. ძირითადად უცხოელებზე ვმუშაობ, თუმცა წელს ერთი-ორი ქართველი მყავდა წაყვანილი მყინვარზე. უამრავი გამოთქვამდა სურვილს, მაგრამ ჩვენი სფერო ისეთია, რომ აქედანვე ვიცი მომავალი წლის გეგმები. ხშირ შემთხვევაში ქართველები რომ მიკავშირდებიან, მეუბნებიან, რომ მაგალითად ერთ კვირაში თუ მოეწყობა ტური, წამოვლენ და ასე ხშირად არ გამოდის“, - აღნიშნავს რესპონდენტი.
ამასთანავე, დიდია ინტერესი როგორც პოლონელებისგან, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან. რაც შეეხება ფასს, გიდის მომსახურება ერთ მოგზაურს 700-800 ლარის ფარგლებში უჯდება.
„მყინვარზე მყავდა მოგზაურები შემდეგი ქვეყნებიდან: პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ესპანეთი, ამერიკა, საფრანგეთი და ა.შ. ტურს 4-6 დღე უნდა დაახლოებით. ერთ ადამიანს 6 დღის განმავლობაში ტური საშუალოდ 700-800 ლარი უჯდება“, - განაცხადა მიხეილ ხორგუანმა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებულმა ვიზიტებმა 5.79 მილიონს გადააჭარბა, რაც წლიურად 4.1%-იან ზრდას აჩვენებს. აღნიშნული ვიზიტებიდან 750 ათასზე მეტი არატურისტული მიზნით, 5 მილიონზე მეტი კი ტურისტული მიზნით განხორციელდა.