აშშ-მა და კუბამ საელჩოების გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს

აშშ-მა და კუბამ ერთმანეთის დედაქალაქებში საელჩოების ხელახლა გახსნის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ.

როგორც ცნობილია, აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს თეთრ სახლში პრეზიდენტი ბარაკ ობამა განცხადებას ოფიციალურად გააკეთებს. ჯერ უცნობია საელჩოების გახსნის ზუსტი თარიღი, თუმცა, როგორც ვარაუდობენ, ჰავანაში აშშ-ის დიპლომატიური წარმომადგენლობა და ვაშინგტონში კუბის საელჩო ივლისის შუა რიცხვებში დაიწყებს ფუნქციონირებას.

აშშ-მა და კუბამ ურთიერთობის დათბობა 2014 წლის ბოლოს დაიწყეს. მათ შორის დიპლომატიური კავშირები 1960-იანი წლების შემდეგ გაყინული იყო. რამდენიმე თვის წინ ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა.