დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე ახალი, ე.წ. ადვალური გადასახადი შედის ძალაში

დღეიდან თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) ახალი სახეობის ე.წ. ადვალური გადასახადი შედის ძალაში.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, "საგადასახადო კოდექსში" შეტანილი ცვლილება 2015 წლის 1 ივლისიდან ითვალისწინებს თამბაქოს ნაწარმზე (ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე) დამატებით აქციზის დაწესებას - საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტის ოდენობით.  საუბარია ე.წ.ადვალურ, ანუ გადასახდის იმ სახეობაზე, რომელიც შემოსავლის ან ღირებულების მიმართ პროცენტულ მაჩვენებელში დაფიქსირებულ გადასახადს წარმოადგენს. ამ შემთხვევაში იგულისხმება ერთ კოლოფ სიგარეტზე 5%-ის დარიცხვა.

"უნდა აღნიშნოს, რომ თამბაქოს ნაწარმთან მიმართებაში საქართველოში აქამდე მოქმედი დაბეგვრის სისტემა და საგადასახადო ტვირთის გადანაწილება დისპროპორციულია. მაგალითად, აქციზის ტვირთი იაფფასიან სიგარეტებზე დაახლოებით, 53.6 პროცენტს შეადგენს, მაშინ როდესაც ძვირადღირებულ ბრენდებზე, მაგალითად, "მალბოროზე", დაახლოებით, 27.8 პროცენტია, "პარლამენტი" - 18.7 პროცენტი. ადგილობრივ წარმოებას არავითარი პრეფერენციები არ გააჩნია, პირიქით, არათანაბარი საგადასახადო ტვირთის ქვეშ იმყოფება. შესაბამისად, ადგილობრივი წარმოების კონკურენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენება მართლზომიერია", - განაცხადეს  ფინანსთა სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, 1 ივლისიდან აქციზის გადასახადის ე.წ.შერეული სისტემის დანერგვა ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვას, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს. "ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ადვალური ტიპის აქციზის გადასახადის ოდენობა დანიაში შეადგენს 1%-ს, შვედეთში - 1%-ს და ნიდერლანდებში 0,9%-ს, ხოლო სხვა დანარჩენ წევრ ქვეყნებში აღნიშნული ტიპის გადასახადის განაკვეთი მერყეობს 8%-დან 52 %-მდე. ამდენად, სიგარეტზე აქციზის გადასახადის პროპორციული კომპონენტის საცალო სარეალიზაციო ფასის 5 პროცენტით განსაზღვრა, შესაბამისობაშია ევროკავშირში არსებულ პრაქტიკასთან", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.