„ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ დაინტერესდა - 50 თეთრად ჩავაბარეთ, დასანანი იყო, მაგრამ გაფუჭებას სჯობდა“

კიტრი, ცუკინი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ჭარხალი, სტაფილო, ქინძი, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი, ბაზილიკი, ქონდარი, შაშკვლავი, ნიახურის ბოლქვები, სალათის ფურცელი, პამიდვრის რამდენიმე სახეობა, ორი ჯიშის ლობიო - ეს ყველაფერი გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ერთ ეკობოსტანში თბილისელ ოჯახს მოჰყავს. ამ ბოსტნის მთავარი დიასახლისი, ქალბატონი ანა, სამეურნეო საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ მოგვითხრობს.- მე და ჩემს მეუღლეს კალმახა სოკოს მოყვანა გვინდოდა, რისთვისაც ნაკვეთი ხიდისთავში იჯარით ავიღეთ. აქ ფერმისთვის გამზადებული შენობა-ნაგებობაც იყო. სოკოს სათბურისთვის აუცილებელი ინვენტარისა და მასალის შესაძენად დიდი ხარჯი გავიღეთ და სოკოს წარმოებაც დავიწყეთ.

გვეხმარებოდნენ, მაგრამ საქმე უაღრესად შრომატევადი აღმოჩნდა. წყალი 100 გრადუსზე უნდა ადუღდეს, სოკოს თესლი მოიხარშოს, გაცივდეს და თივაში დაითესოს. პარალელურად ბოსტნეულის ჩითილების გაზრდა და ოჯახისთვის ბოსტნის გაკეთება დავიწყეთ, რადგან ამის საშუალებას ადგილი იძლეოდა.

- მიწა რამდენად ხარისხიანი იყო?

- ბოსტნისთვის არ იყო ხელსაყრელი, რადგან ვიღაცას ადრე ხრეშიანი მიწა დაეყარა, ამიტომ მთის მიწა მანქანებით მოგვიტანეს. შემდეგ ხისგან ოთხკუთხედი ჩარჩოები შევკარით, თივა ჩავაფინეთ, მიწა ჩავყარეთ და გამოყვანილი ჩითილები გადავიტანეთ. ჩვენი ბოსტანიც აყვავდა და გაიხარა. მოვიდა სხვადასხვა სახეობის პამიდორი, მათ შორის ჩერი და ჭოპორტულა ვარდისფერი. მისი თესლის შესაძენად ჭოპორტში საგანგებოდ წავედით. სამწუხაროდ, არავინ ყიდდა, მერე ერთმა მოსახლემ თავისთვის შენახული მარაგიდან გვიწილადა. თესლებთის ნაწილი იტალიიდან გამოგვიგზავნეს, სტაფილო, ჭარხალი, ბროკოლი, მწვანილი ადგილობრივ გლეხებთან შევიძინეთ.

განაგრძეთ კითხვა