14 ნოემბრიდან საქართველოში საყოველთაო აღწერა დაიწყება. როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ისაუბრა, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინოს და მასში მონაწილეობა მიიღოს.
„აღწერა მთელს მსოფლიოში 10 წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველოში ბოლოს 2014 წელს ჩატარდა. ეს აღწერა კი იმით არის გამორჩეული, რომ ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება შესაძლებელი და ადამიანს ექნება საშუალება, ეწვიოს ჩვენს ვებ-გვერდს და მისთვის სასურველ დროს შეავსოს კითხვარი, ხოლო ვისაც ამისი საშუალება არ ექნება, ჩვენი ინტერვიუერები კარდაკარის პრინციპით ეწვევიან და ამ გზით ჩაატარებენ გამოკითხვას, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც ადამიანი ელექტრონულად ავსებს კითხვარს, მასთან მაინც მიდის ჩვენი წარმომადგენელი, რომელიც უჩვენებს ელექტრონულად გენერირებულ კოდს, რომელიც კითხვარის შევსების შემდეგ მიენიჭება,“ - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.
მისი თქმით, კითხვარი სამ ნაწილად არის შედგენილი და ეს ნაწილებია: ოჯახის შესახებ ინფორმაცია; დეტალური ინფორმაცია საცხოვრისის კეთილმოწყობის შესახებ - როდის აშენდა შენობა, სადაც რესპოდენტი ცხოვრობს, რამდენი ოთახია, არის თუ არა აღჭურვილი კომუნიკაციებით და ა.შ. პერსონალური ინფორმაცია - საიდენტიფიკაციო მონაცემები, ეროვნების, აღმსარებლობის, განათლების, ენების ფლობის, დასაქმების სტატუსის, მიგრაციის შესახებ სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ა.შ.
ამასთან, როგორც თოდრაძე აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ ოჯახი ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ივსება სოფლის მეურნეობის კითხვარიც. მისი თქმით, კითხვარი შედგენილია გაეროს რეკომენდაციების შესაბამისად და მთელს მსოფლიოში მისით ხელმძღვანელობენ.
„გვაქვს ეროვნული თავისებურებების გამომხატველი კითხვები, მაგალითად, ვაზის ჯიშებთან დაკავშირებით. ასეთი სახასიათო კითხვები ყველა ქვეყანას აქვს, მაგრამ საერთო ინდიკატორი ყველა ქვეყნისთვის ერთია. აუცილებელია, თითოეულმა ადამიანმა გამოიჩინოს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მიიღოს ამ გამოკითხვაში მონაწილეობა, რადგან ყველა ფაქტორი მნიშვნელოვანია,“ - აღნიშნა მან.
ცნობისათვის, მოსახლეობის აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.