ოდესღაც ამერიკის უმდიდრესი ქალაქი დეტროიტი, დღეს საშუალო ბიუჯეტის მქონე, მრავალი მიგრანტისთვის მიმზიდველ ქალაქად ითვლება. თუმცა მისი ისტორია არასდროს ყოფილა სწორხაზოვანი. აშშ-ის საავტომობილო ინდუსტრიის ცენტრი დღეს მხოლოდ ჩრდილია იმისა, რასაც ერთ დროს წარმოადგენდა.
1950 წელს დეტროიტი მსოფლიოს სათავეში იყო მისი განვითარებით. აყვავებული საავტომობილო ინდუსტრიის მქონე ქალაქი იზიდავდა მუშებს და დაახლოებით 1.85 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. სამუშაო ადგილები ბევრი იყო და კარგი ანაზღაურებითაც იწონებდნენ კომპანიები თავს. ადგილობრივი მოსახლეობა საუკეთესო საცხოვრებელი პირობებით სარგებლობდა. მას "შუა დასავლეთის პარიზიც" ეწოდა. ხმაურიანი ცენტრი მორთული იყო ზღაპრული არტ-დეკოს ცათამბჯენებით, რომლებიც ქალაქს სიდიადეს მატებდნენ. დეტროიტში “დიდი სამეულის“ - ავტომწარმოებლების Ford, General Motors და Chrysler ქარხნები მუშაობდა. ქალაქში დაფუძნებული ეს გიგანტური კორპორაციები აწარმოებდნენ ავტომობილებს, რომელთა გაყიდვები აშშ-ში 1945-1955 წლებში ოთხჯერ გაიზარდა.
თუმცა, მაშინ როდესაც ქალაქმა ძალაუფლებისა და პრესტიჟის სიმაღლეს მიაღწია, ფინანსურმა მხარემ დარტყმა იგემა. პირველი მწარე დარტყმა ინდუსტრიული დეცენტრალიზაციის სახით დაიწყო. 1950-იან წლებში მწარმოებლებმა დაიწყეს თავიანთი ქარხნების გადატანა სხვა ქალაქებში, კერძოდ - მიჩიგანში და კიდევ უფრო შორს. ამ ვარდნამ გამოიწვია სამუშაო ადგილების დაკარგვა და 1958 წელს, უმუშევართა რიცხვი 250 000-მდე გაიზარდა. 1960 წლისთვის ქალაქის მოსახლეობა თითქმის 10%-ით შემცირდა. სიღარიბის ზრდამ ხელი შეუწყო კრიმინალის ზრდას. ძალადობრივი დანაშაულების მაჩვენებელი თითქმის ათჯერ გაიზარდა. 1971 წელს კი The New York Times-მა დაწერა, რომ დეტროიტი უკვე ცნობილია როგორც "მკვლელობის ქალაქი".
გავრცელდა რასიზმი და ქუჩაში გავლა უსაფრთხოდ აღარ მიიჩნეოდა. დაძაბულობა გაიზარდა 1967 წლის "გრძელ, ცხელ ზაფხულში", რომლის დროსაც 150-ზე მეტი აჯანყება მოხდა ქალაქის მასშტაბით. ძალადობა და ძარცვა უკონტროლო გახდა. დაიღუპა 43 ადამიანი, იყო ასობით დაშავებული. იმავე წელს, Ford-ის ქარხანამ ფუნქციონირება შეწყვიტა. 1970-იან წლებში ქარხნები დახურეს Chrysler-მა, General Motors-მა და Dodge Main-მა.
გაიზარდა მიტოვებული სახლების რიცხვი. უცნობი ადამიანები ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურას ცეცხლს უკიდებდნენ. ზარალმა კატასტროფულ პიკს 1984 წელს მიაღწია, განსაკუთრებით ცნობილ „ეშმაკის ღამეს“, როდესაც 810 სახლი გადაწვეს. 90-იან წლებში ქალაქი თითქმის არ არსებობდა. იქ ყველაფერი ნაომარ და დაბომბილ ნანგრევებს ჰგავდა... თითქმის არ არსებობდა იმედი, რომ რამე შეიცვლებოდა.
თუმცა, 2001 წელს ქალაქს ნამდვილი მხსნელი მოევლინა. დეტროიტის მერი კვამე კილპატრიკი გახდა. სწორედ ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც ქალაქში ინვესტიციები მოიზიდა. კორუფციის გამო 2013 წელს ყოფილ მერს 28 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მას სასჯელი პრეზიდენტმა ტრამპმა 2021 წლის იანვარში შეუცვალა.
ნელ-ნელა ჩადებულმა ინვესტიციებმა დეტროიტი გამოაცოცხლა. ადგილობრივმა მილიარდერმა დენ გილბერტმა 2010 წელს თავისი Quicken Loans-ის სათაო ოფისი ქალაქის ცენტრში გადაიტანა და დაიწყო ამბიციური აღორძინების პროექტი. მისი უძრავი ქონების ფირმა Bedrock-ის მეშვეობით ყიდულობდა და არემონტებდა მრავალ შენობას. 2016 წლისთვის გილბერტმა შეიძინა და გაარემონტა 80-ზე მეტი ქონება, ჩადო თითქმის 2.2 მილიარდი დოლარი და გახდა ცენტრის უდიდესი დამსაქმებელი. საშუალო კლასის ოჯახებმა დაიწყეს თავმოყრა ქალაქის ცენტრში. გაიხსნა მოდური ბუტიკები, რესტორნები და ბარები. ქალაქში სიმშვიდეს გილბერტის პირადი უსაფრთხოების ძალები უზრუნველყოფდნენ. ამას მოჰყვა ის, რომ დეტროიტში ავტომობილის მწარმოებელი გიგანტები დაბრუნდნენ. დეტროიტი კვლავ რჩება ამერიკულ ქალაქად, სადაც ადამიანების ყველაზე მეტი პროცენტი საშუალოზე დაბალი შემოსავლით ცხოვრობს. თუმცა მას ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს და მოსალოდნელია, რომ თავის ისტორიულ დიდებას დაიბრუნებს.
წყარო: lovemoney.com