21-ე საუკუნის ბერძნული ტრაგედია

დაცარიელებული მაღაზიები, დაკეტილი ბანკები, უსასრულო რიგები ბანკომატებთან და ბენზინგასამართ სადგურებზე, ხელფასის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა -  საბერძნეთში მცხოვრები ადამიანები "რეზონანსთან" ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობენ.

როგორც მათი უმრავლესობა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, საზოგადოებაში პანიკა და არეულობა არაა, თუმცა ყველა ძალიან ნერვიულობს და შეშინებულია, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. დღეს საბერძნეთი დეფოლტისა და ევროზონიდან გარიცხვის ზღვარზეა. საბერძნეთის მთავრობამ საერთაშორისო კრედიტორებს 1.6 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი არ გადაუხადა, რისი ბოლო ვადაც გუშინ იყო. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, ალექსის ციპრასი უარს აცხადებს კრედიტორების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, გარკვეული რეფორმების გატარებაზე. მან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისთვის 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.

მოქალაქეები კი აცხადებენ, რომ ჯერ არავინ იცის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, დატოვებს თუ არა საბერძნეთი ევროზონას და როგორ განვითარდება მოვლენები ქვეყანაში. "ჯერ ვერც ხალხი ვერაფერს ამბობს, თავადაც არ იციან, რა ქნან, რა აირჩიონ - გამოვიდნენ ევროზონიდან, თუ არა. ეს ყველაფერი კვირას, 5 ივლისს არჩევნებზე გამოჩნდება. საზოგადოების ნაწილი ხელისუფლების უკმაყოფილოა, ნაწილი არა, თუმცა რა მოხდება, მოჰყვება თუ არა ამ ყველაფერს არეულობა ქვეყანაში, კვირას გამოჩნდება. აქ საშინელი მდგომარეობაა, ბანკებთან რიგებია, სუპერმარკეტები დაცლილია, ახალი პროდუქტებიც ვერ შემოაქვთ. ხალხს ძირითადად არ უნდა ევროზონიდან გამოსვლა. წესიერად არც ის იციან, რა წინადადებები და პირობები აქვს ევროჯგუფს. ამ თვეში თუ ასე გაგრძელდა, ფულს ქართველებს არავინ გადაუხდის. ხოლო თუ გაკოტრდა ქვეყანა, რა თქმა უნდა, ქართველებიც და არა მარტო, ქვეყანას დატოვებენ და საზღვარგარეთ წავლენ. რაც შეეხება მდგომარეობას, გვეგონა, რომ ხალხი ძალიან აირეოდა, თუმცა ასე არ მოხდა. პანიკა არ არის, ხალხი საკმაოდ მშვიდად შეხვდა. უბრალოდ ამ წუთას რაც ხდება, ისაა, რომ სუპერმარკეტები დაიცალა, საჭირო პროდუქტი გამოზიდეს. ორშაბათს აქცია იყო სინდაგმაზე, მთავრობის სახლის წინ, თუმცა ბევრი ხალხი არ იყო. ადამიანები საკმაოდ მშვიდად არიან, ალბათ არ სჯერათ, რომ ქვეყანა ევროზონას დატოვებს, ან მთავრობის იმედი აქვთ", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას გრიგორი კონსტანტინუმ.

"ჯერ არც გაუცნობიერებია ხალხს, რა ხდება. გუშინ საღამომდე ჩვეულებრივ იყო ყველაფერი და უცებ შეიცვალა. ჩემი უფროსი საღამოს მაღაზიაში იყო გასული ხილის საყიდლად და გამყიდველი გაგიჟებული იყო, პირველი მყიდველი ხარო. ტრანსპორტი საშინლად აგვიანებს, დღეს მეტრო რომ მოვიდა, ეწერა, შემდეგი 25 წუთში მოვაო. ხალხი ორადაა გაყოფილი, ზოგს უნდა, რომ დრაჰმი დაბრუნდეს, ზოგს პირიქით, ისტერიკა აქვს, რადგან მერე ყველაფერი, რაც საზღვარგარეთიდან შემოვა, ძალიან ძვირი იქნება. დრაჰმის დაბრუნების მომხრე ძირითადად მოსახლეობის დაბალი ფენაა, ვინც საკმაოდ გაჭირვებულია და ვისთვისაც სულერთია, რა მოხდება. პანიკა არაა მოსახლეობაში, ისე არ არიან, რომ სამსახურებში არ იარონ, ვაიმე ხელფასებს ვეღარ ავიღებთო. თუმცა ყველა ძალიან ნერვიულობს და ყველას ეშინია. დედაჩემმა დამირეკა, ვისთანაც მუშაობს, ის ბებო მთელი დღეა ტირისო.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წინა წლების განმავლობაში რაც კრიზისია ქვეყანაში, ბერძენი ახალგაზრდობა მასობრივად გადის ქვეყნიდან. შეიძლება ვინც აქ არის, მუშაობს კიდეც, მაგრამ მაინც ყველა საბერძნეთიდან წასვლაზე ფიქრობს. ქართველებს რაც შეეხება, ნაწილი წასვლას ფიქრობს, მაგრამ სხვები, ვისაც ვალები, ბანკები აქვს გადასახდელი, ნერვიულობს, რომ ხელფასს ვერ იღებენ ეს დღეები. ერთ ქართველს ველაპარაკე დღეს და ამ ქალმა თქვა, რომ საბერძნეთში რაც უნდა მოხდეს, მაინც საქართველოზე წინ იქნება და იმაზე უკეთესი მდგომარეობა იქნება, რაც საქართველოშიაო. ამიტომ ქართველები საქართველოში დაბრუნებაზე ნაკლებად ფიქრობენ. თუ ქვეყანა გაკოტრდება და ევროზონიდან გამოვა, უმეტესობა ალბათ, საზღვარგარეთ გადავა.

რაც შეეხება ქართველებისთვის ხელფასების დაკლებას, ან სამსახურიდან გაშვების საშიშროებას, ისე უცებ მოხდა ეს ამბები, რომ ჯერჯერობით სამსახურებიდან ჩვენს გაშვებაზე ან ხელფასის შემცირებაზე არავინ ლაპარაკობს. თავად იმდენად შოკირებულები არიან, ჯერ ასეთ რაღაცაზე არავის უფიქრია, თავისი ამბავი აშინებთ, თუ რა იქნება მომავალში და როდის გამოსწორდება მდგომარეობა. უმუშევრად მხოლოდ ის ხალხი დარჩა, ვინც დღიურად მუშაობს, რადგან დღეში რომ მხოლოდ 60 ევრო გამოაქვთ ბანკიდან, დასუფთავებისთვის 30 ევროს სხვას ვერ გადაუხდიან", - ამბობს ათენში მცხოვრები ლაურა ნაზარაშვილი.

ქართველების ნაწილი კი საბერძნეთში მოსალოდნელ არეულობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ხალხი ომის დაწყების საშიშროებაზეც საუბრობს, რადგან რუსეთი და ამერიკა საბერძნეთის გადანაწილებას შეეცდებიან. ამასთან, საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ქართველების სამშობლოში დაბრუნებაზეც საუბრობენ. მათი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინაც 45 კაციანი ჯგუფი წამოვიდა საქართველოში.

"ისეთი ამბებია, ქართველები იცინიან, ბერძნები საქართველოში წავლენ მომვლელებადო. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟანკლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ჩვენ ხელშეკრულებაში და მოთხოვნილებებში არც ხელფასების და არც პენსიების დაკლებას არ ვითხოვთ და ციპრასი ქვეყანას როგორ უთარგმნის ჩვენს ხელშეკრულებას, არ ვიციო. ახლა სულ მაგას განიხილავენ აქ. მითუმეტეს, რუსეთმა და ამერიკამ მხარში დაგიდგებითო, ანუ ისინი გადაიხდიან საბერძნეთის ვალებს და საბერძნეთი იმ ადგილებს მისცემს, სადაც ნავთობი გადის. ხალხი იმასაც ამბობს, რომ საბერძნეთის გადასანაწილებლად ამერიკასა და რუსეთს შორის ომიც კი შეიძლება მოხდეს. აი ასეთი ცუდი ამბებია მოსალოდნელი და მომავალი ზუსტად არავინ იცის", - ამბობს ათენში მცხოვრები ნატალი პანამერა.

"თუ საბერძნეთი ევროზონიდან გამოვა, ჩემ გარშემო ვინც არიან ქართველები, ყველა წასვლაზე ფიქრობს - ქართველების გამოდინება დაწყებულია. ეხლაც, 28 ივნისს, 45-კაციანი ჯგუფი წამოვიდა. სუპერმარკეტებიდან ყველაფერი გააქრეს, რა ვიცით, ხვალ რა ხდებაო - ხალხი შეშინებულია და პროდუქტს იმარაგებენ. ასევე, როგორც ჩემი უფროსებისგან გავიგე, ხალხის უმეტესობას ევროზონიდან გამოსვლა არ უნდა, თუმცა რა მოხდება, ეს კვირას გამოჩნდება", - ამბობს ათენში მყოფი თამრიკო არაბული.

მსგავსი მდგომარეობაა სალონიკშიც, სადაც ასევე დიდი რაოდენობით ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. როგორც იქ მცხოვრები ზვიად ზვიადაური აღნიშნავს, ხელფასების დროა უკვე, თუმცა ბანკები დაკეტილია, შესაბამისად, ხალხი ხელფასის გარეშეა დარჩენილი და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. "პანიკა არ არის, თუმცა იმის შიშია, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა. თავიდან ბანკების დაკეტვის შესახებ რომ გამოცხადდა, ბენზინზე იყო დიდი ამბავი, რიგები იყო, თუმცა მერე უკვე რომ გამოაცხადეს, საწვავი საკმარისი არისო, შედარებით ხალხის ნაკადი შემცირდა. თუმცა ბანკებთან, ბანკომატებთან რიგები კვლავ არის, 30-40 კაცი მაინც დგას ბანკომატებთან. ზეგ არის ხელფასის დღე, თუმცა როგორ ავიღებთ, არ ვიცი, არადა, ამ ხელფასებზე ვიყავით დამოკიდებული. ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა, ყველას აშინებს. გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. დღეს სამუშაოზე რომ მივედი, ერთი კლიენტიც კი არ მოსულა, თითქმის ყველაფერი გაჩერდა, ცხოვრება გაყინულია. არავის არ უნდა, რამეში ფული გადაიხადოს. სანამ გაირკვევა და დარეგულირდება ვითარება, ხალხი მხოლოდ პურს და ასეთ საჭირო პროდუქტებს ყიდულობს", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სალონიკში მცხოვრებმა ქართველმა.

საბერძნეთის ევროზონიდან ასე მარტივად გამოსვლას და ქვეყანაში პოლიტიკურ არეულობებს გამორიცხავენ ექსპერტები

. მათი თქმით, ევროკავშირი შეეცდება, რომ კიდევ მისცეს დრო საბერძნეთს და თუ თავად ქვეყანა არ მოინდომებს ევროზონის დატოვებას, ეს უახლოეს პერიოდში არ მოხდება.

ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ევროკავშირის პროექტების ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, საბერძნეთი მაინც არ გამოვა ევროზონიდან. მისი თქმით, ევროპაც მაქსიმალურად შეეცდება, რომ ასეთი პრეცედენტი არ მოხდეს. "ჩემი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მძიმე მდგომარეობაა, საბერძნეთი ევროზონიდან მაინც არ გამოვა, ევროპაც, იმის გამო, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მიერ ევროზონის დატოვების პრეცედენტი არ შეიქმნას, ყველანაირად შეეცდება, ეს არ მოხდეს. ვფიქრობ, ევროზონის დატოვება უკიდურესი იქნება, რაც საბერძნეთის შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ რა თქმა უნდა, საბერძნეთი არ გადაწყვეტს ამას. მოსალოდნელია, რომ საბერძნეთს მტკიცედ მოსთხოვენ, ქამრების შემოჭერის პოლიტიკა გააგრძელოს, თუმცა ახლა მთავარია, რა შედეგით დასრულდება რეფერენდუმი. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები", - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ასევე გამორიცხავს უახლოეს მომავალში საბერძნეთის მიერ ევროზონის დატოვებას. ის ასევე ქვეყანაში მთავრობის მიერ გატარებულ არასწორ პოლიტიკაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ როგორ შეიძლებოდა ადამიანს, რომელიც არის მასხარა და მთელი ევროპა დასცინის, ქვეყანაში სწორი პოლიტიკა გაეტარებინა.

"ევროზონას ასე მარტივად არ დაატოვებინებენ, რა თქმა უნდა, ევროზონა რომ დატოვოს, წასასვლელი არსად აქვს. რით უნდა იცხოვროს მერე, საინტერესოა. ამ შემთხვევაში ხომ საბერძნეთთან საქმეს აღარავინ დაიჭერს. ციპრასმა, რომელსაც მთელი ევროპა დასცინის, ერთადერთი რაც გააკეთა, ის იყო, რომ რუსეთში გაიქცა და გაზსადენის მშენებლობაზე მოუწერა ხელი. როგორც ჩანს, ამით ევროპა დააშინა, რომ თუ კიდევ ფულს არ მომცემთ, რუსეთთან დავახლოვდებიო, თუმცა ამით ვალებს ვერ გაისტუმრებს, რუსეთს ფული არ აქვს და ვერ აჩუქებს. იმ შემთხვევაში, თუ დეფოლტი გამოცხადდება, ხალხი ქვეყნიდან გაიქცევა და ეს საბოლოოდ, საბერძნეთს დააქცევს. რაც შეეხება საქართველოზე გავლენას, რა თქმა უნდა, დღეს, როცა ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, საბერძნეთში მდგომარეობის გაუარესება საქართველოზე რაღაც გავლენას იქონიებს", - ამბობს შარაშენიძე.

თათია არდოტელი

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"