„მიწები უკვე ნაყიდია - თვითმფრინავით სეტყვის დამშლელი ქიმიის გაფანტვა 3-4კმ.-ის რადიუსზე იგეგმება“

„კახეთში არსებული ღრუბლების დამშლელი ტექნიკა ეფექტურია და ის, რომ არ იყოს, საცოდავი მდგომარეობა იქნებოდა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ქართლში, მდებარეობიდან გამომდინარე, სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები ვერ იმუშავებს. ამასთან, როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქართლში სეტყვის დასაშლელად ქიმიის გამოყენებაზე ფიქრობდა და ამაზე ახლაც მუშაობს.

„დაახლოებით 300-400 ასეთი მეტეოსადგურია ქვეყანაში, სახელმწიფო ამატებს ყოველწლიურად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, გაცილებით მეტია საჭირო. კახეთში არსებული ღრუბლების დამშლელი ტექნიკა ეფექტურია და ის, რომ არ იყოს, კახეთში საცოდავი მდგომარეობა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს იქ მუშაობს, ამას მდებარეობიდან გამომდინარე ქართლში ვერ გააკეთებ,“ - აღნიშნავს ხანიშვილი.

მისივე თქმით, გორში, კვერნაკის ტერიტორიაზე შესყიდულია მიწა, სადაც თვითმფრინავის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მოწყობა იგეგმება, საიდანაც აფრინდება თვითმფრინავი და 3-4 კილომეტრის რადიუსზე სეტყვის დამშლელ ქიმიას გაფანტავს.

„ქართლში სხვა საშუალებებზე ვფიქრობდით და სამინისტრო ამაზე აგრძელებს მუშაობას, მიწებიც კი არის ნაყიდი. გორში, კვერნაკზე ნაყიდია ტერიტორია, სადაც უნდა გაკეთებულიყო ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იმისთვის რომ სეტყვის საწინააღმდეგო ისროლო, საჭიროა თავისუფალი სივრცე, რაც ქართლში რთული მოსაძებნია, შესაბამისად, აქ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები რომ დამონტაჟდეს, პრაქტიკულად, ვერ იმუშავებს.

აქედან გამომდინარე, მუშავდებოდა თეორია ზონდების გაშვების შესახებ. კერძოდ, აფრინდება თვითმფრინავი და აფრენის შემდეგ 3-4 კილომეტრის სიმაღლეზე გაშლის სეტყვის საწინააღმდეგო ქიმიას - ის რაც კეთდება სროლით, ამ შემთხვევაში გაკეთდება ქიმიით,“ - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

მერი ტაბატაძე