სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ დოკუმენტი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება

13-14 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებული ოჯახებისთვის ზიანის ანაზღაურების შესახებ სპეციალური დოკუმენტი თბილისის საკრებულოს განსახილველად დღეს გადაეგზავნება. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც დავით ნარმანიამ სხდომაზე აღნიშნა, ბოლო დღეებში აღნიშნულთან დაკავშირებით ოპონენტების მხრიდან რადიკალურად განსხვავებული ინფორმაციები ვრცელდება. ნარმანიას თქმით, ყველა დაზარალებულ ოჯახს ზიანი აუნაზღაურდება და ხელისუფლება მათ გვერდით დაუდგება, როგორც ეს მოხდა სტიქიის პირველი წუთებიდან.

თბილისის მერის თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ზიანის ასანაზღაურებლად მომზადდა სპეციალური წესი, რომლითაც მოხდება ზიანის კონპენსირება. ამ წესის თანახმად, გამოიყო ორი კატეგორია, პირველს მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთა სახლები ადიდებულმა მდინარემ წაიღო, ან სახლებმა ისეთი დაზიანება მიიღო, რომ ლაბორატორიული შემოწმების თანახმად, მათი გამაგრება შეუძლებელია. ნარმანიას განცხადებით, ასეთი კატეგორიების ოჯახებისათვის საცხოვრისის უზრუნველსაყოფად გაიცემა ფულადი კომპენსაცია ფართის საშუალო საბაზრო ღირებულების მიხედვით.

თბილისის მერის თქმით, მეორე კატეგორიას მიეკუთვნებიან ის ოჯახები, რომელთაც საცხოვრებლები შეკეთებას ექვემდებარება. ნარმანიას თქმით, აღნიშნული წესის თანახმად, ამ სახლების ფართის რემონტი გამგეობებმა უნდა უზრუნველყონ. ასეთ ოჯახებს ასევე გადაეცემათ საოჯახო ნივთების პაკეტი, დღევანდელ პირობებში რაც ოჯახს ჭირდება. ნარმანიას ინფორმაციით, ასევე გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ოჯახები ერთჯერადად კომპენსაციას მიიღებენ.  "წესში ყველაფერი მკაფიოდ და ნათლად არის გაწერილი. უმჯობესი იქნებოდა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები დალოდებოდნენ ამ წესის მიღებას და ამის შემდეგ გაეკეთებინათ განცხადება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ წესი საკრებულოს დღეს გადაეგზავნება, რათა საკრებულომ იმსჯელოს და გადაწყვეტილება მიიღოს.