დანიაში ძილის შემსწავლელი კურსები გაიხსნა

დანიის ქალაქ ბრენერსლევში ძილის შემსწავლელი უფასო კურსები დაიწყო. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

კურსებზე ადამიანებს ასწავლიან, თუ როგორ იძინონ სწორად.

კერძოდ, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ექსპერტები ამბობენ, რომ ცუდმა ძილმა შესაძლოა, მრავალი დაავადება გამოიწვიოს ან გააუარესოს. ეს არის გულის დაავადებები, დემენცია, სხვადასხვა ინფექციური პროცესი, კიბო და სიმსუქნე.

ამასთან, ძილის ნაკლებობამ ადამიანებს შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, ფოკუსირება და ემოციების კონტროლი გაურთულოს.

ძილის დარღვევის დანიური ცენტრის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის, თითქმის, ნახევარს ცუდად სძინავს.

ბრენერსლევის კურსებზე მონაწილეებს ძილის რეჟიმის გაუმჯობესების წესებს ასწავლიან. კერძოდ, მიზანშეწონილია, ადამიანი დასაძინებლად ერთსა და იმავე დროს დაწვეს და ადგეს. დღისით არ უნდა დაიძინოს, ხოლო ღამით ოთახში ტემპერატურა +18-დან +21 გრადუსამდე უნდა შეინარჩუნოს და დაძინებამდე ერთი საათით ადრე რთულ გონებრივ მუშაობას თავი აარიდოს.

თავიდან მხოლოდ ერთჯერადი კურსი იყო დაგეგმილი, თუმცა დიდი ინტერესის გამო გადაწყდა, რომ სწავლება რეგულარულად ჩატარებულიყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ