ფრანგები ექსტრემალურ სიცხეში ცხოვრებას ტესტავენ

პარიზში ოთახი-ინსტალაცია მოეწყო, სადაც მსურველებს შეუძლიათ, კლიმატის ექსტრემალურ პირობებში ცხოვრება გამოსცადონ.

ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

ოთახში ტემპერატურა პლუს 50 გრადუს-ცელსიუსია, ხოლო მასში მსურველებს სარბენ ბილიკზე სასიარულოდ, წასაკითხად ან ფინჯან ჩაის დასალევად იწვევენ.

ოთახიდან გამოსული ადამიანები ამბობენ, რომ ბილიკზე 3,5 კილომეტრ საათში სიჩქარით სიარულის დროს თავს ისე გრძნობდნენ, თითქოს, 6-7 კმ/სთ სიჩქარით დარბოდნენ. ამასთან, დაწყებიდან, დაახლოებით, ოცი წუთის შემდეგ მათ კითხვა უჭირდათ.

ინიციატივის ავტორი ფრანგი მკვლევარი, კრისტიან კლოა. მისი თქმით, კლიმატური დათბობის ამჟამინდელი ტემპით საფრანგეთში 50-გრადუსიანი სიცხე 2050 წლის შემდეგ შესაძლოა, ნორმად იქცეს.

კლიმატური ოთახის მიზანი გლობალურ დათბობასთნ საბრძოლველად ადამიანების წახალისებაა.

ცნობისთვის: ევროკავშირის კლიმატის მონიტორინგის სამსახურის, Copernicus-ის ექსპერტების შეფასებით, გლობალური დათბობის შეჩერების ერთადერთი გზა სითბური გაზების ემისიების სწრაფი შემცირებაა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ