„სახელმწიფო აუცილებლად შეწყვეტს სუბსიდირებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ უბრალოდ ქუდს დაიხურავს“

„სუბსიდირების პროგრამიდან სახელმწიფო თანდათან გამოვა,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ და შპს „აგრო 1959“-ის მმართველმა პარტნიორმა გელა ხანიშვილმა განუცხადა.

„სუბსიდირებას აკეთებს მთელი მსოფლიო. სუბსიდირება ხორციელდება ეკონომიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და ამა თუ იმ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მართვის მექანიზმია. ყურძნის სუბსიდირება არის ამ სფეროში მიმდინარე უზარმაზარი პროცესის ერთი ნაწილი.

საქართველო მეხილეობის მიმართულებით ხარჯავს ასეულობით მილიონ ლარს. დღემდე სოფლის მეურნეობა დაფინანსებულია 8 მილიარდი ლარით. აქედან, სახელმწიფოს წილი არის 1 მილიარდის ფარგლებში, დანარჩენი არის კერძო ფული, ანუ ბიზნესმა თავად დაიფინანსა თავი, მათ შორის, ბანკის მეშვეობით და ამაში სახელმწიფო დაეხმარა.

წელს კახეთში ფერმერი მარტო ყურძნით მიიღებს დაახლოებით 450 მლნ ლარის შემოსავალს. ეს ყურძენი რომ გადამუშავდება ღვინოდ და გავა ექსპორტზე, დაახლოებით იქნება 300-350 ათასი დოლარის დამატებითი შემოსავალი. ამას ემატება ჭაჭა და სპირტი. ეს არის სწორედ ამ სუბსიდირების შედეგი,“ - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.

მისივე განმარტებით, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას შეაჩერებს, თუმცა ეს მოხდება მაშინ, როცა სექტორს მსგავსი ტიპის დახმარება აღარ დასჭირდება.

„სუბსიდირების პროგრამიდან სახელმწიფო თანდათან გამოვა, როგორც კი ეს არ დასჭირდება ქვეყანას. აღარ დასჭირდება მაშინ, როცა გაიმართება ღვინის საწარმოები, უზარმაზარი თანხა მიდის სექტორში იაფი აგროკრედიტის სახით, ასევე საბრუნავ სახსრებში, ტექნიკურ გადაიარაღებასა და ახალი ღვინის მარნებში. თუ ღვინის ექსპორტიორი 30-40 საწარმო გვყავდა, დღეს 500 საწარმოს გააქვს პროდუქცია უცხოეთში.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ბაზარი ვითარდება, ხარისხიანი ყურძენი მოდის, გადამუშავდება, ღვინის ექსპორტი განხორციელდება, ტურისტი შემოვა და მოიხმარს ღვინოს, მერე აღარ არის საჭირო სუბსიდირება. სახელმწიფო აუცილებლად გამოვა სუბსიდირებიდან, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შემდეგ უბრალოდ ქუდს დაიხურავს“, - განაცხადა გელა ხანიშვილმა.

.

მერი ტაბატაძე