155 ათასზე მეტი მოქალაქე ტექინსპექტირების მომსახურებას ვერ იღებს - დავით მესხიშვილი

„არაერთი მუნიციპალიტეტი ტექინსპექტირების მომსახურების გარეშეა დარჩენილი, მაგალითად, ხულო, შუახევი, ადიგენი, ასპინძა და სხვა“, - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტორების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში 155 ათასზე მეტი მოქალაქე ტექინსპექტირების მომსახურებას ვერ იღებს.

„კვლავაც რჩება გამოწვევები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით. დღემდე არაერთი მუნიციპალიტეტი ტექინსპექტირების მომსახურების გარეშეა დარჩენილი, მაგალითად, ხულო, შუახევი, ადიგენი, ასპინძა და სხვა. დაახლოებით 155 ათასზე მეტ მოსახლეს არ მიეწოდება მომსახურება და უხერხულიც კია ჯარიმდებოდნენ მძღოლები, როდესაც შესაბამისი სერვისი ამ რაიონებში არ არის. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ინსპექტირების მოძრავმა ხაზებმა მთიანი მუნიციპალიტეტებისთვის შეასრულონ თავისი მოვალეობა და მიაწოდონ მოქალაქეებს მომსახურება“, - განაცხადა დათო მესხიშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის მოქმედებს 72 ტექინსპექტირების ცენტრი, აქედან 26 თბილისშია.

მერი ტაბატაძე