„ჩვენი ამოცანაა ანაკლიაში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დროშა იყოს წარმოდგენილი,“ - ამის შესახებ "ძლიერი საქართველო - "ლელო", ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!" ერთ-ერთ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვაპირებთ ანაკლია ევროპულ და ამერიკულ კომპანიებს გავაკეთებინოთ. ჩინურ კომპანიასაც მოვიწვევთ, მაგრამ რეპუტაციულ კომპანიებს, და არა ისეთს, რომელსაც სხვა ინტერესი აქვს და კომუნისტურ პარტიას ექვემდებარება. ჩვენი ამოცანაა ანაკლიაში რაც შეიძლება მეტი ქვეყნის დროშა იყოს წარმოდგენილი, რათა შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და ვაკონტროლოთ ის კარიბჭე, რომელსაც ანაკლია შექმნის,“- აღნიშნავს ხაზარაძე.
მამუკა ხაზარაძე ანაკლიის პორტის ინვესტორ კომპანიას - ჩინური კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულების გაჭიანურების საკითხსაც გამოეხმაურა. როგორც ის აცხადებს, „რაღაცაშია საქმე და ხელშეკრულებას ხელს რაღაც სერიოზული მიზეზის გამო ვერ აწერენ“.
„არა მგონია, გადაწყვეტილება მიღებული და ხელშეკრულება ხელმოწერილი იყოს. თქვენ როგორ გგონიათ, ხელი რომ მოეწერათ, ხელმოწერის ცერემონია არ იქნებოდა ამხელა კომპანიასთან, არ აღნიშნავდნენ? ე.ი. რაღაცაშია საქმე, ხელს ვერ აწერენ რაღაც სერიოზული მიზეზის გამო,“- განაცხადა ხაზარაძემ „კვირის პალიტრასთან“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი დასრულდა. 29 მაისს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე წინადადებები მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა. პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ორმა პრეტენდენტმა დააკმაყოფილა, კერძოდ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულმა (Terminal Investment Limited Holding S.A. (T.I.L Holding S.A) და ჩინურმა (ChinaCommunications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) კომპანიებმა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება.
იხილეთ ინტერვიუ სრულად: როგორ აპირებს „ლელო“ პენსიის გაზრდას 1000 ლარამდე?!