მოცვის შედარებით მსხვილი და სწრაფად მზარდი ექსპორტიორების რეიტინგში საქართველო ლიდერობს. ინფორმაციას EastFruit ავრცელებს.
კერძოდ, 2023 წელს საქართველომ მოცვის ექსპორტის ზრდის შედარებითი ტემპით ზიმბაბვეს გადაუსწრო, რომლის ექსპორტიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად, საშუალოდ, 48%-ით, ანუ 1,3 ათასი ტონით იზრდება.
საქართველოდან 2019-2023 წლებში მოცვის ექსპორტი წელიწადში 55%-ით, ანუ 700 ტონით იზრდებოდა, ხოლო მხოლოდ 2023 წელს ერთბაშად 2,5-ჯერ ანუ 2 ათასი ტონით გაიზარდა. ამ მონაცემით საქართველო მოცვის მსოფლიო ექსპორტიორების ტოპ 20-ეულში დებიუტანტი გახდა და ისეთ ქვეყნებს გადაუსწრო, როგორიც იტალია, ახალი ზელანდია, ავსტრალია და ჩინეთია.
მოცვის შედარებით მსხვილი და სწრაფად მზარდი ექსპორტიორების რეიტინგში საქართველოსა და ზიმბაბვეს შემდეგ უკრაინაა. ქვეყნიდან ექსპორტი ყოველწლიურად 21%-ით, ანუ წელიწადში 530 ტონით იზრდება, ხოლო 2022 და 2023 წლებში, რუსეთის აგრესიის მიუხედავად, ექსპორტის ზრდის ტემპი მკვეთრად დაჩქარდა. 2022 წელს უკრაინამ ამ კენკრის ექსპორტი 1,1 ათასი ტონით, ხოლო 2023 წელს 940 ტონით გაზარდა.
რაც შეეხება ტოპ-20-ეულს, მასში 2023 წელს საქართველოს გარდა, დებიუტანტი, ასევე, ჩინეთი გახდა. ჩინეთი მეტად სწრაფად ზრდის მოცვის ფართობს და თანდათან ამ კენკრის ექსპორტიორი ხდება. ტოპ-20-ს შორის ბოლო 5 წლის განმავლობაში ექსპორტის მოცულობა, საშუალოდ, მხოლოდ ჩილემ, არგენტინამ და ახალმა ზელანდიამ შეამცირეს. ახალი მოცვის უმსხვილესი ექსპორტიორების ათეულში ზრდის ტემპით ლიდერები სერბეთი, მექსიკა და მაროკოა.
მოცვის ექსპორტის მსოფლიო ლიდერად პერუ რჩება, რომელიც თავის კონკურენტებს ბევრად უსწრებს. 2023 წელს ექსპორტის მკვეთრი კლების მიუხედავად, პერუმ ჩილეზე 2,5-ჯერ მეტი მოცვი გაიტანა ექსპორტზე. ქვეყნის 5-წლიანი საშუალო ზრდის ტემპი წელიწადში 14,5%-ს, ანუ 28,2 ათასი ტონას შეადგენს. 2019-2023 წლებში ახალი მოცვის სუფთა (რეექსპორტის გამოკლებით) საერთაშორისო ვაჭრობაში პერუს წილი 30-32% იყო.
ცნობისთვის: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინვესტიციო დეპარტამენტის მონაცემებით, 2019-2023 წლებში მოცვის საერთაშორისო ვაჭრობის საშუალოწლიურმა ზრდის ტემპმა, დაახლოებით, 10%, ანუ 60 ათას ტონა შეადგინა
მოამზადა ლადო სულაბერიძემ