საბერძნეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს სამი დღის განმავლობაში საკონსულო მოსაკრებლის გადახდა არ მოუწევთ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს 1, 2 და 3 ივლისს, საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდება.

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება საბერძნეთში შექმნილ ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით ავრცელებს. "საბერძნეთის რესპუბლიკაში შექმნილი ფინანსური ვითარების გამო, ითვალისწინებს, რა იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობას, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 1, 2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს და ქ. სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს. საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, უფასოდ მიიღონ შემდეგი სახის საკონსულო მომსახურებები: საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის აღება; სანოტარო აქტი - მინდობილობის დამოწმება (საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმის წარმოების შესახებ); სანოტარო აქტი - ხელმოწერის დამოწმება (თანხმობა არასრულწლოვანი პირების მგზავრობის შესახებ, სახელის დარქმევის შესახებ); სხვადასხვა სახის ცნობები (ე.წ. ოჯახური შემადგენლობის შესახებ, იდენტურობის შესახებ); საკონსულო ლეგალიზაცია - დაბადების მოწმობის და ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესახებ", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

უწყების განმარტებით, საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო და ქ. სალონიკში გენერალური საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.