„5 წელში საკუთარ ბაღში შეიძლება ფისტის იმდენი ნაყოფი მიიღო, რომ შემოსავალი მოგცეს“

„5 წელში საკუთარ ბაღში შეიძლება ფისტის იმდენი ნაყოფი მიიღო, რომ შემოსავალი მოგცეს“,- ამის შესახებ bpn.ge-ს ფერმერი ივანე ლელაშვილი ესაუბრა, რომელსაც ფისტის საკუთარი სანერგე მეურნეობა აქვს.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ნერგებზე მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი, ამის მიზეზი კი საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაა.

როგორც ივანე ლელაშვილი აღნიშნავს, ფისტის მოყვანა უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია რეკომენდებული, შესაბამისად, ყველაზე მეტი ბაღი კახეთში შენდება.

„ამ ეტაპზე შარშანდელთან შედარებით უკვე 30%-ით არის გაზრდილი ფისტის ნერგებზე მოთხოვნა. მანამდე დაკვირვების რეჟიმში უფრო იყვნენ, სწავლობდნენ მოსავლიანობას, შემდეგ როდესაც ნახეს ნაყოფი და მიხვდნენ, რომ საქართველოში მოდის, ამან გამოიწვია მოთხოვნის ზრდა. ძირითადად მოთხოვნა უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია (თუმცა, დასავლეთშიც არის გარკვეულ ადგილებზე), რადგან სწორედ იქ არის რეკომენდებული. მშრალი ადგილი უყვარს. ძირითადად, ვაშენებთ კახეთში, ქვემო ქართლში და შიდა ქართლში. კახეთში ყველა ტერიტორიაზე მოდის, გამონაკლისია მხოლოდ ლაგოდეხის რამდენიმე სოფელი, რადგან მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, ფისტის ნერგებთან ახლოს არ უნდა იყოს წყალი, ლაგოდეხში კი, არის ადგილები, სადაც 2-3 მეტრში წყალი ამოდის, ასეთ შემთხვევაში ნერგების გაშენებაზე არ ვაძლევთ რეკომენდაციას. მშრალი ნიადაგი უყვარს, მთაგორიანიც შეიძლება, მთავარია, წყალი არ მოდიოდეს ახლოს და არ ჭაობდებოდეს ადგილი, რომ ფესვთა სისტემა არ დაულპეს. წყალს გამტარობა უნდა ჰქონდეს.

ჩვენ თვითონ ჩავდივართ, ვათვალიერებთ ადგილს, შევისწავლით მდებარეობას და იმის შემდეგ ვგეგმავთ ყველაფერს. გაშენებას ვიწყებთ და მომდევნო პერიოდშიც რეკომენდაციებს ვაძლევთ. როგორ შევწამლოთ, მოვუაროთ და ა.შ.“,- ამბობს ივანე ლელაშვილი.

როგორც ის bpn.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, ნერგების გამოყვანის გამოცდილება თურქეთში მიიღო, საქართველოში ჩამოსულმა კი აღმოაჩინა, რომ საქართველოში ფისტის ხეები საუკუნეს ითვლის, თუმცა უკვე გაველურებულია.

„საქართველოში მეხუთე წელია ამ საქმიანობით ვარ დაკავებული, მანამდე ვიყავი თურქეთში, იქ სანერგეებში და ბაღებში ვმუშაობდი, შესაბამისი სერტიფიკატები ავიღე. იქიდანვე დამაინტერესა, ჩვენთან თუ მოვიდოდა ეს კულტურა. როგორც მოვიკვლიე, ჩვენთან არის საუკუნეების ფისტები, რომელიც დღესაც ისხამს. გვაქვს როგორც ველური, ისე ჩვეულებრივი ხეები. ველური ფისტა კახეთში განსაკუთრებით ბევრი მხვდება, ასევე არის თბილისის გარეუბნებში. ამის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში გამეკეთებინა სანერგე მეურნეობა და ეს კულტურა განმევითარებინა.

სანერგე მასალა შემოგვაქვს თურქეთიდან, ესპანეთიდან და ახლა უკვე დავიწყებთ ამერიკიდანაც კვირტების შემოტანას, მყნობას უკვე აქ გავაკეთებთ.

მსხმოიარობისთვის ნერგს 4 წელი სჭირდება, ყველაზე ცოტა, 5 წელში უკვე საკუთარ ბაღში შეიძლება ფისტის იმდენი ნაყოფი მიიღო, რომ შემოსავალი მოგცეს“, - ამბობს ივანე ლელაშვილი.

ნინი ქეთელაური