SMS-ის ავტორი გარდაიცვალა

მოკლე ტექსტური შეტყობინების ავტორი, ფინელი მატი მაკონენი 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1980-იან წლებში სწორედ მაკონენმა განავითარა მობილური ტელეფონით შეტყობინების გაგზავნის იდეა. პირველი ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მე-20 წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას, მაკონენმა აღნიშნა, რომ მას მოკლე შეტყობინებების იდეის განხორციელებასა და დახვეწაში "ნოკია" დაეხმარა. "ამ სერვისით პირველად მაშინ ისარგებლეს, როდესაც "ნოკიამ" 1994 წელს წარადგინა ახალი მოდელის მობილური ტელეფონები, რომლებსაც SMS-ის გაგზავნის ფუნქციაც ჰქონდა", - აღნიშნა მაკონენმა.

ფინელი ინჟინერის გამოგონებამ პოპულარობა მალევე მოიპოვა. დღემდე ეს სერვისი აქტიურად გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ გაგზავნილი SMS-ის რაოდენობა რამდენიმე ქვეყანაში მცირდება, იგი მაინც პოპულარულია. ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით ტრილიონობით მოკლე ტექსტური შეტყობინება იგზავნება.